მიკროსაფინანსო ორგანიზაციების (მ/ო) რიცხვი შემცირდა. მას შემდეგ, რაც MBC -იმ საბანკო სექტორში გადაინაცვლა, ბაზარზე ამჟამად 33 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებს.
ახლა უკვე მიკრობანკი MBC მხოლოდ 18 ფილიალით არის წარმოდგენილი და ჯერჯერობით 260 პირს ასაქმებს. ამ მაჩვენებლებით ის მიკროსაფინანსოების ტოპ-5-ში ვერ ხვდება.
ყველაზე დიდი ფილიალების ქსელი “რიკოს” აქვს. ის ქვეყნის მასშტაბით 62 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი. ბაზრის ლიდერ მისო-ში 804 (H1/2024 – 750) თანამშრომელია დასაქმებული და ამ მაჩვენებლით ის მეორეა მ/ო “კრისტალის” შემდეგ.
ამ დროისთვის მ/ო “კრისტალში” 996 -მდე ადამიანია დასაქმებული, რომელიც ასევე საბანკო ლიცენზიას ელოდება. მას ქვეყნის მასშტაბით 48 ფილიალი აქვს.
48 ფილიალით ემსახურება კლიენტებს „ლიდერ კრედიტიც“ და ბაზარზე კიდევ ერთი მისოა, მაღალი დაფარვით, “კრედიტსერვის+”, 51 სერვისცენტრით.
558 თანამშრომლის შენახვა სექტორს ჯამში 103. 5 მლნ უჯდება. აქედან 28.1 მილიონი “რიკოს” დანახარჯია.
რაც შეეხება საკრედიტო პორტფელს, მისი ნახევარზე მეტი, ბაზრის 2 მსხვილ მოთამაშეზე, „რიკოზე” და „კრისტალზე“ მოდის.
„რიკოს“ უფრო დიდი საკრედიტო პორტფელი აქვს, თუმცა ბიზნესის დაფინანსებით ბაზრის ლიდერი მ/ო “კრისტალია”, რადგან “რიკოს” მთავარი სასესხო პროდუქტი ლომბარდია.
სებ-ის 9 თვის მონაცემებით, მიკროსაფინანსოებმა შემოსავლის 88% ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან მიიღეს, 320.139 მლნ ლარი. იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 3.966 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანმა საპროცენტო შემოსავალი 363.5 მლნ ლარის აღწევს. მიმდინარე წლის სამ კვარტალში მისო-ებს არასაპროცენტო შემოსავლების სახით 56.629 მლნ ლარი აქვთ მიღებული.