ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით ირკვევა, რომ წელს იანვარ-თებერვალში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა მთლიანად, 383,3 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26%-ით ანუ 80 მილიონი ლარით მეტია.
მხოლოდ თებერვლის თვეში ბანკებს 186 358 მილიონი ლარის მოგება დაერიცხათ. ბანკებისთვის თებერვლის თვე ტრადიციულად, შედარებით ნაკლებად მომგებიანია. იანვარში მოგებამ 198 მილიონი ლარი შეადგინა.
ბანკების მაღალ მომგებიანობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის, ის, რომ ბანკების აქტივები იზრდება. ამასთან, ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ოფიციალურმა მაჩვენებელმა მოიმატა, რაც ბანკების შემოსავლებზეც აისახება
კომერციული ბანკები ყველაზე მეტ შემოსავალს დარიცხული პროცენტის სახით იღებენ. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში, პროცენტის სახით, მათ მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. მათ შორის, 483,235 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავალი თებერვლის თვეში დაერიცხათ.
ყველაზე მეტ სარგებელს ბანკებს გაცემული სესხებიდან მიღებული პროცენტი აძლევთ, რაც მთლიანი შემოსავლების 85%-ს აღწევს.
ყველაზე დიდი ორი ბანკის – საქართველოს ბანკისა და თიბისის წილი მთლიან მოგებაში 80%-ზე ცოტა ნაკლებია. ბაზარზე მოქმედი 15 ბანკიდან 3 ზარალიანია – ყველაზე მეტი ზარალი უფიქსირდება სილქ ბანკს, ასევე, წამგებიანია პაშა ბანკი და ციფრული ბანკი პეისერა.
ბანკების მოგება/ზარალის რეიტინგი ასე გამოიყურება:
-
საქართველოს ბანკი – 182.2 მლნ ლარი
-
თიბისი ბანკი – 130.1 მლნ ლარი
-
კრედო ბანკი – 18 მლნ ლარი
-
ლიბერთი ბანკი – 12.3 მლნ ლარი
-
ვითიბი ბანკი – 7.9 მლნ ლარი
-
ხალიკ ბანკი – 7.4 მლნ ლარი
-
ბაზის ბანკი – 7.2 მლნ ლარი
-
პროკრედიტ ბანკი – 6.7 მლნ ლარი
-
ტერა ბანკი – 5.5 მლნ ლარი
-
ქართუ – 3.3 მლნ ლარი
-
იშ ბანკი – 3.1 მლნ ლარი
-
ზირაათ ბანკი – 1.3 მლნ ლარი
-
პეისერა -0.1 მლნ ლარი
-
პაშა ბანკი -0.2 მლნ ლარი
-
სილქ ბანკი – 0.6 მლნ ლარი