ჩვენი რუბრიკის – „რას ვიხდით ქვეყნის ბიუჯეტში“ წინა სტატიაში აქციზის გადასახადის შესახებ ვისაუბრეთ.
ახლა გაგაცნობთ, როგორ იბეგრება საქართველოში თამბაქოს პროდუქტები, რას ნიშნავს რისკის პროპორციულ დაბეგვრის მეთოდი და შესაძლებელია თუ არა, ამ გზით თამბაქოს მოხმარების შემცირება.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ აქციზის მიზანი ჯანმრთელობისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებაა, ლოგიკურია, რომ გადასახადით იბეგრება ნავთობპროდუქტები, ავტომობილები (გამონაბოლქვის გამო), ალკოჰოლი, თამბაქო და სხვა.
განვითარებული ქვეყნების მიდგომა ასეთია: გადასახადის ოდენობა მავნე ზემოქმედების გათვალისწინებით, ანუ რისკის პროპორციულად განისაზღვრება. მაგალითად, მეტი ზიანის მომტანი პროდუქტი მაღალი გადასახადით იბეგრება და შედარებით მცირე ზიანის მომტანი – დაბალი განაკვეთით.
რისკის პროპორციული დაბეგვრა საქართველოში ნავთობპროდუქტების, ალკოჰოლისა და ავტომობილების შემთხვევაში მოქმედებს. მაგალითად,
სასმელზე აქციზი ალკოჰოლის შემცველობის დონის შესაბამისად იცვლება, რათა მომხმარებლებს დაბალი სიძლიერის სასმელებზე გადასვლისკენ უბიძგოს. ხოლო სასმლის მწარმოებლებს ალკოჰოლის დაბალი შემცველობის პროდუქტის წარმოების ინტერესი გაუჩნდეთ.
ანალოგიური წესი მოქმედებს ავტომობილებთან დაკავშირებითაც – აქციზის ოდენობა ავტომობილის ასაკის ზრდასთან ერთად მატულობს მავნე გამონაბოლქვისგან მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით.
ამ პრინციპის შესაბამისად, აქციზი მცირეა ჰიბრიდული ავტომობილებისთვის, ხოლო ელექტრომობილების იმპორტი აქციზისგან მთლიანად თავისუფალია.
აქციზი თამბაქოს პროდუქციაზე
გამონაკლისი არის თამბაქო და ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტები, რომლებისთვისაც აქციზის თანაბარი განაკვეთი მოქმედებს.
თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქციის დაბეგვრა ევროკავშირის ქვეყნებში ეფუძნება დიფერენცირებულ პრინციპს მათი სპეციფიკის გათვალისწინებით. ძირითადად, ეს არის წვის პროცესის არსებობა ან არარსებობა, რაც ნიშნავს იმას, რომ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების დაბეგვრა ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებული წესით ხდება და ამ ორ პროდუქტზე აქციზის განაკვეთებს შორის სხვაობა 60-90%-ია.
როგორც გრაფიკიდან ჩანს, მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები, სადაც თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები კომერციალიზებულია, დაბეგვრის სხვადასხვა მოდელს მიმართავს. ამ ქვეყნებს შორისაა ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და საქართველოს მეზობელი ყველა ქვეყანა.
ამ ქვეყნების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დიფერენცირებული გადასახადის დაწესება ხელს უწყობს თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნის ზრდას, რაც გრძელვადიან პერიოდში დადებითად აისახება საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და გარემოზე.
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა ერთმანეთისგან არ განასხვავებს თამბაქოს პროდუქტებს
ჩვენთან სიგარეტიც და ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტებიც ერთი და იმავე განაკვეთით იბეგრება, რაც ქვეყანაში ზიანის შემცირების პოლიტიკის არარსებობაზე მიანიშნებს.
„მხოლოდ საქართველო და არაბეთის გაერთიანებული ემირატები ბეგრავს ერთნაირად წვად სიგარეტს და თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებს.
ყველა დანარჩენი ქვეყანა განსხვავებულად უდგება ამ პრობლემას. ისინი მწეველებს საშუალებას აძლევენ, სიგარეტის ჩანაცვლების საშუალება ჰქონდეთ.
ყველგან, სადაც დიფერენცირებული გადასახადი მოქმედებს, იკლებს წვადი სიგარეტის მოხმარება, რომელიც გაცილებით მავნე პროდუქტია. ამას ადასტურებს სტატისტიკა დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში.
თუ ეს მიდგომა სამართლიანია სხვა პროდუქტისთვის, რომელიც მავნეა ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის, მაშინ ლოგიკური იქნება, რომ ანალოგიური პრინციპი თამბაქოსთან დაკავშირებითაც მოქმედებდეს“, – აღნიშნავს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი.
საგადასახადო განაკვეთის გადახედვას და თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტებზე დიფერენცირებული განაკვეთის შემოღებას საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ გეგმავს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინფორმაციით, საუბარი ამ საკითხზე არც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს.
არადა, მსოფლიოში სულ უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს, რომ თამბაქოს ალტერნატიულ ნაწარმზე (მაგ. ელექტრონულ სიგარეტზე, საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე, გასახურებელ თამბაქოს ნაწარმზე) შედარებით მეტი წვდომის მიცემა ეფექტიანი ღონისძიებაა თამბაქოს მავნე ზემოქმედების შემცირებისა და მოწევისთვის თავის დანებებისთვის.
სწორედ ამიტომ, სასურველია, მთავრობამ იფიქროს რისკის პროპორციულ რეგულირებაზე.