გენდერული უთანასწორობის პრობლემაზე ხშირად საუბრობენ პოლიტიკური დებატების დროს. კამათობენ, სამართლიანია თუ არა, რომ ქალებს ნაკლები ანაზღაურება აქვთ კაცებთან შედარებით, ვისთვის უფრო ადვილია კარიერის გაკეთება და ა.შ.
ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატი კლაუდია გოლდინი ამ საკითხსა და ეკონომიკაზე მის გავლენას წლებია იკვლევს.
რატომ არ მუშაობენ ქალები ზოგიერთი პროფესიით? რატომ არ იღებენ იმდენივე ხელფასს, რამდენსაც მამაკაცები? რა უშლის მათ ხელს სამსახურში მამაკაცების ჩანაცვლებაში? როგორ მიიზიდონ მეტი ქალი შრომის ბაზარზე, ისე, რომ არ შემცირდეს შობადობა? ამ საკითხების შესწავლას ეხება კლაუდია გოლდინის კვლევა.
რატომ არის ქალების ეკონომიკაში ჩართვა აქტუალური?
გოლდინის მოსაზრებით, მეტი ქალის ჩართვა ეკონომიკის მაღალპროდუქტიულ სექტორებში არა მხოლოდ ხელს შეუწყობს მშპ-ის ზრდას და კონკურენციას შრომის ბაზარზე, არამედ შეუძლია გადაჭრას სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც.
ბევრ განვითარებულ ქვეყანაში შობადობა მრავალი წელია იკლებს. ზოგ ინდუსტრიაში უკვე არის სამუშაო ძალის დეფიციტი და ეკონომიკური ზრდის შენელებით შეიძლება მსოფლიო კიდევ ერთ კრიზისში აღმოჩნდეს.
ამ პრობლემის გადაჭრის ერთი რეცეპტი არ არსებობს, ამიტომ ქვეყნები ხშირად ღონისძიებების მთელ კომპლექსს მიმართავენ. სამუშაო ძალის დეფიციტი ყველაზე ხშირად კომპენსირდება მიგრანტების მოზიდვით და ასაკობრივი ბარიერების მოხსნით: ახალგაზრდებს იზიდავენ სამუშაო ადგილებზე, მუშაობას სთხოვენ პენსიონერებს. ასევე ქმნიან უფრო ხელსაყრელ პირობებს ქალების სამუშაოზე მისაზიდად.
ქალები, როგორც წესი, ნაკლებად არიან წარმოდგენილნი შრომის ბაზარზე და განსაკუთრებით მაღალეფექტურ ინდუსტრიებში. მაგალითად, სატვირთო მანქანების მძღოლებს შორის მათი წილი მხოლოდ რამდენიმე პროცენტია. დასავლური სამყარო ამჟამად მძღოლების დეფიციტს განიცდის, ამიტომ ცდილობენ შეცვალონ სიტუაცია და ქალები მიიზიდონ „მამაკაცის“ პროფესიაში.
ამისთვის სახელმწიფოები სხვადასხვა შეღავათს აწესებენ ქალების სერტიფიცირებისა და მათთვის კომფორტული პირობების შესაქმნელად.
ფიზიკური სიძლიერე აღარ არის ისეთი კონკურენტული უპირატესობა, როგორიც გასულ საუკუნეში, ამიტომ იზრდება ქალების რიცხვი, ვინც ცდილობს, დაეუფლოს მათთვის მანამდე მიუწვდომელ პროფესიებს.
გოლდინი ფიქრობს, რომ ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებზე ქალების მოზიდვისთვის საჭიროა არა მარტო ხელფასების გაზრდა, არამედ გენდერული განსხვავებების გათვალისწინებაც.
მეტი დასაქმებული ქალი –„ბონუსი“ ეკონომიკისთვის
ადრე მეცნიერთა შორის გავრცელებული იყო მოსაზრება: რაც უფრო იზრდება ეკონომიკა, მით უფრო მეტი ქალია წარმოდგენილი შრომის ბაზარზე და შესაბამისად, გენდერული უთანასწორობის პრობლემა, დროთა განმავლობაში, თავისთავად მოგვარდება.
კლაუდია გოლდინმა შრომის ბაზრის შესწავლისას, უარყო ეს შეხედულება. მან შეისწავლა ფილადელფიაში 10000 ქალის მონაცემები და აღმოაჩინა, რომ მე-18 და მე-19 საუკუნეებში ქალები ბევრად მეტს მუშაობდნენ, ვიდრე მე-20-ში.
გოლდინის აზრით, ინდუსტრიალიზაციამ ქალთა „ტრადიციული“ უნარები და ფიზიკური თვისებები ნაკლებად სასურველი გახადა შრომის ბაზარზე, ამიტომ საზოგადოებამ დაქორწინებული ქალები დიასახლისის როლში გადაიყვანა.
ვითარება მხოლოდ 1950-იან წლებში სერვისის, განათლებისა და ჯანდაცვის სექტორების განვითარებით შეიცვალა. სწორედ ამიტომ ქალების წვლილი მსოფლიო მშპ-ში ახლა თანდათან იზრდება.
გოლდინი მიიჩნევს, რომ უპირველეს ყოვლისა, ქალის პოზიცია შრომის ბაზარზე განისაზღვრება არა ეკონომიკური განვითარების დონით, არამედ მთელი რიგი სოციალური ფაქტორებით.
მაგალითად, ქალების კარიერულ ზრდას ხშირად აფერხებს ბავშვზე ზრუნვის საჭიროება. მათი უმრავლესობა მიდის დეკრეტულ შვებულებაში და ბოლომდე ვერ ავლენს თავის პოტენციალს, სანამ ბავშვი მოზარდობის ასაკს არ მიაღწევს.
გოლდინმა დაადგინა, რომ ქალების წარმოდგენა, შრომის ბაზარზე მათი ადგილის შესახებ, გავლენას ახდენს მათ მომავალ წარმატებაზე.
მაგალითად, 1950-იანი წლებიდან ქალებმა საბაზისო განათლება იმ მოსაზრებით აირჩიეს, რომ ვერ შეძლებდნენ წარმატებული კარიერის შექმნას, რადგან მრავალი წლის განმავლობაში ბავშვზე ზრუნვა მოუწევდათ.
შედეგად, მე-20 საუკუნის ბოლოს, ტექნოლოგიურმა განვითარებამ ქალებს უკვე მისცა თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. შრომის ბაზარი მათ პროფესიული ზრდის ბევრ ვარიანტს სთავაზობდა. თუმცა, ზოგიერთი ქალი „ტრადიციულად“ არ რისკავდა დატვირთული კარიერის დაგეგმვას, გასული თაობების გამოცდილების გათვალისწინებით.
გოლდინმა ძირითადი ნამუშევრები 1990-იან წლებში დაწერა, ამიტომ მისი მრავალი მოსაზრება დღეს ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობია. სინამდვილეში, ეს მისი შრომის დამსახურებაა.
კლაუდია მესამე ქალია, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო ეკონომიკაში. ის 1946 წელს ნიუ იორკში, ებრაელების ოჯახში დაიბადა. ის გათხოვილია, მაგრამ შვილები არ ჰყავს.
ვარაუდობდნენ, რომ შვილები არ გააჩინა მისი თეორიის გამო, რომ შვილების აღზრდამ შეიძლება შეაფერხოს ქალის პროფესიული წინსვლა.