საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის – გიორგი წერეთლის თქმით, რიკოთის მონაკვეთზე გამაგრების სამუშაოები 77 ფერდზე მიმდინარეობს.
ის ასევე განმარტავს, რომ რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. გარკვეულ მონაკვეთებზე სამუშაოების პროგრესი მაღალია და ეს მონაკვეთები წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში.
გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი უსაფრთხო იქნება.
„გზის 149-ე კმ-ზე, თოვლის დნობის შემდეგ, არსებული (ძველი) გზიდან 200 მეტრის ზევით, აღმოჩენილი იქნა, ნაპრალები. შესაძლებელი იყო მეწყრული პროცესების განვითარება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება რიკოთის უღელტეხილის დროებით დაკეტვის შესახებ…
ყველა კადრი, რომელიც ვრცელდება ამა თუ იმ ტელევიზიით, არის ძველი, თვეების წინ გადაღებული და თუ დღეს ჩახვალთ რიკოთის უღელტეხილზე, ნახავთ სულ სხვა სურათს და სხვა მდგომარეობას. ყველა ფერდი, რომელიც რიკოთზე იყო, დამუშავდება პროექტის შესაბამისად და იქნება უსაფრთხო. ამ მონაკვეთებზე გადაადგილება იქნება უსაფრთხო“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.
მისი განცხადებით, რიკოთის პროექტის დაწყებიდან, სულ 6000 მ სიგრძის გეოლოგიური ბურღი გაკეთდა. ჩატარდა გეოტექნიკური, გეოფიზიკური და სეისმური კვლევები და ამ კვლევების საფუძველზე იქნა მიღებული რიკოთის უღელტეხილის საპროექტო გადაწყვეტილება
გიორგი წერეთლის განმარტებით, როგორც შესყიდვის პროცედურები, ისე გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად აუცილებელი კრიტერიუმები, შეთანხმებული იყო საერთაშორისო საფინანსო (დონორ) ორგანიზაციებთან. შესაბამისად, უსაფუძვლოა ყველა ბრალდება, მათ შორის, კორუფციულ გარიგებებზე.
რიკოთზე კვლავ მოძრაობის სპეციალური შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს. კერძოდ, დილის 6 საათიდან, საღამოს 9 საათამდე მოძრაობენ მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო ღამის 11 საათიდან დილის 5 საათამდე – სატვირთო ტრანსპორტი.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება.