საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის გზის გადაკეტვის მიზეზებს განმარტავს. თუმცა, მოძრაობის აღდგენის ზუსტ დროს ვერ ასახელებს.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გზების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეეჩერებინა რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა. ფერდის არამყარი მასის ჩამოშლის პროვოცირების შედეგად ჩამოსულია მიწის მასა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის წმენდის და გაგანიერების ინტენსიური სამუშაოები.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 114-194კმ მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
დეპარტამენტის განცხადებით, სამუშაოების დასრულებისა და სპეციალისტებისგან გზის უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მიღებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის პერიოდში, მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით. ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.