მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიუხედავად, აშშ-ის ეკონომიკა გაიზარდა.
მოლოდინი, რომ გაზაფხულის საბანკო კრიზისის შემდეგ, აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში აღმოჩნდებოდა, არ გამართლდა.
მესამე კვარტალში აშშ-ის მშპ 4,9%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთები ბოლო 22 წლის მაქსიმუმზეა.
ამერიკელების სამომხმარებლო ხარჯები გაიზარდა მესამე კვარტალში, გაძვირებული სესხებისა და მაღალი ინფლაციის პირობებში.
ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით ამერიკელების დანახარჯებმა წლიურად 4%-ით მოიმატა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2021 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ.
ამერიკელები მეტ ფულს ხარჯავდნენ როგორც საქონელზე, ასევე მომსახურებაზე.
როგორც Reuters წერს, ტეილორ სვიფტისა და ბიონსეს მრავალრიცხოვანი კონცერტები და ბარბის ბილეთების რეკორდული გაყიდვები წლევანდელი ზაფხულის დამახასიათებელი ნიშანი იყო. ამერიკელებმა ასევე ბევრი დახარჯეს მოგზაურობაში.
მშპ-ის მესამე კვარტლის ანგარიშმა ასევე აჩვენა, რომ ბიზნესხარჯები მესამე კვარტალში 0.1%-ით შემცირდა.
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ აშშ-ის ეკონომიკის ზრდა მომდევნო თვეებში არ გაგრძელდება, რადგან მას მრავალი წინააღმდეგობა ემუქრება. პირველ რიგში, მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რომელიც წელს ალბათ არ შემცირდება; ასევე, ტრილიონობით დოლარის ფედერალური ვალის არსებობა და ორი მიმდინარე ომი.