ნავთობის ფასები მკვეთრად იმატებს დღეს დილიდან, ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. შექმნილი ვითარების გამო, ამერიკის და ევროპის ყველა წამყვანი საფონდო ინდექსი დაეცა.
საწვავის გაძვირების პარალელურად ზრდა დაიწყო ნავთობის მწარმოებელი კომპანიების აქციებმა. სამხედრო კონფლიქტების ფონზე ასევე ძვირდება თავდაცვითი წარმოების აქციები.
Brent-ის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება ლონდონის ICE Futures ბირჟაზე ბარელზე $74,86-მდე გაიზარდა.
ხოლო WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ფასმა ნიუ-იორკის ბირჟაზე $71,18 შეადგინა.
გუშინ, 1 ოქტომბერს ირანმა ისრაელის მიმართულებით 180-მდე რაკეტა გაუშვა. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ თავდასხმას უპასუხებენ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლიან.
ირანი დაახლოებით დღეში 3,2 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს და ექსპორტზე დაახლოებით ამის ნახევარი გადის. ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ბაზარი მიწოდების შემცირებას უნდა ელოდოს.
იმავდროულად, ამერიკის ნავთობის ინსტიტუტმა (API) განაცხადა, რომ გასულ კვირას აშშ-ში ნავთობის მარაგები შემცირდა 1,5 მილიონი ბარელით. Trading Economics-ის ანალიტიკოსები ნავთობის მარაგების 2.1 მილიონი ბარელით კლებას ვარაუდობენ.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის გამო აშშ-ის საფონდო ინდექსები დაეცა.
Nasdaq Composite-ის ინდექსი დაეცა 1.5%-ით.
Dow Jones 0,41%-ით დაეცა 42156,97 პუნქტამდე.
ნავთობის ფასების ზრდის შემდეგ, გაძვირდა ნავთობის მწარმოებლების აქციები, Exxon Mobil-ის – 2,3%-ით, Chevron Corp. – 1,7%-ით.
გაიზარდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, მათ შორის Northrop Grumman Corp.-ის ფასიანი ქაღალდები – 3%-ით და Lockheed Martin-ის – 3,6%-ით. თავდაცვის კომპანია Rheinmetall-ის აქციები – 5%-ზე მეტით გაიზარდა.
სხვა მსხვილი კომპანიების აქციები კი შემცირდა. Tesla-ს აქციების ფასი დაეცა – 1,4%-ით Nvidia Corp. – 3,7%-ით, Amazon.com Inc. – 0,6%-ით, Moderna Inc. – 4,3%-ით.