ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდნენ.
სანქციების სია პარასკევს გამოქვეყნდება, თუმცა, ზოგიერთი დეტალი ცნობილია.
რას ითვალისწინებს სანქციების ახალი პაკეტი?
სანქციები ძირითადად ითვალისწინებს შემაკავებელი ზომების გამოყენებას იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.
-
სანქციების ადრესატი ფიზიკური და იურიდიული პირების სიას 71 ფიზიკური პირი და 33 კომპანია დაემატა. მათ შორის პერსონალური სანქციები დაწესდება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გაყვანაში;
-
კონტროლი გემებზე, რომლებსაც შესაძლოა, ევროპული პორტებით რუსული წარმოშობის ტვირთი გადაჰქონდეთ.
-
ნავთობის ტრანსპორტირების შეზღუდვა დრუჟბას მილსადენის ჩრდილოეთ მონაკვეთზე;
-
ევროკავშირში შესვლა შეეზღუდებათ რუსულ სატვირთო მანქანებს;
-
ხუთ რუსულ მედიასაშუალებას მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერდება;
- სანქციები კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული არმიისთვის იარაღს და ელექტროსაქონელს აწარმოებენ;
-
გაფართოვდა ტექნოლოგიური, სამრეწველო და სხვა გადამუშავებული პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებშიც სანქცირებული ლითონებია გამოყენებული.
დიპლომატების თქმით, ყველაზე დიდი სიახლე იყო შეზღუდვების სიაში იმ ქვეყნების აღმოჩენა, როგორიცაა სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, თურქეთი და ჩინეთი, რომლებსაც პოტენციურად შეეძლოთ სხვადასხვა სახის საქონლის რუსეთისთვის მიწოდება.
სანქციები ამჯერადაც არ შეეხება რუსულ ბრილიანტებს, რუსეთისა და ბელორუსის ბირთვულ სექტორს, რასაც, სხვა საკითხებთან ერთად, პოლონეთი ითხოვდა.
ვინ იყო სანქციების წინააღმდეგი და რატომ
სანქციების მიღებას საბერძნეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ სიაში მათი კომპანიების შეყვანის გამო. საბოლოოდ, უკრაინამ ათენის თხოვნით, სამხედრო სპონსორების სიიდან ხუთი ბერძნული გადამზიდავი კომპანია ამოიღო.
უნგრეთმა მხარი დაუჭირა ახალ სანქციებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი (IIB) სიაში დარჩა. მაგრამ განაცხადა, რომ ამას უკრაინისთვის ახალი ტრანშის განიხილვის დროს გაითვალისწინებს.
კიდევ ერთი საკამათო საკითხი იყო სიაში რვა ჩინური კომპანიის ჩაწერა, რომლებიც ევროკავშირის აზრით, ყიდდნენ საქონელს, რომლის ომში გამოყენებაც შეეძლო რუსეთს.
მოლაპარაკებების შემდეგ პეკინმა პირობა დადო, რომ ამ კომპანიებზე განახორციელებს ზეწოლას მათი დახურვის მიზნით.
შედეგად, სიიდან ხუთი ჩინური კომპანია ამოიღეს. დანარჩენი სამი კომპანია რეგისტრირებულია ჰონგ კონგში და ნაკლებად არის ცნობილი.
მე-11 პაკეტის მიღება ევროკავშირის სამიტამდე იგეგმება, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება.
ახალი პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირი სანქციებს დააწესებს რუსული არმიისთვის იარაღისა და ელექტრონიკის მწარმოებლების წინააღმდეგ, –იტყობინება TASS ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.