2023 წლის 25 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ „თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია 2021-2025-ის” განხორციელების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
აღნიშნული სამოქმედო გეგმის მთავარი მიზანი ქვეყანაში თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტის მოხმარების კლებაა, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება და თამბაქოსთან დაკავშირებული ავადობის და ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირება.
გეგმის თანახმად, ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა მოსახლეობის 25%-მდე უნდა შემცირდეს(მამაკაცების 48%-მდე, ქალების- 3%-მდე). 2024 წელს კი, აღნიშნული მაჩვენებელი 27%-მდე უნდა ჩამოვიდეს.
მთავრობის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ასევე გათვალისწინებულია:
● მოზრდილებში მოწევის გავრცელების ყოველწლიურად 2%-ით შემცირება;
● არასრულწლოვანებში მოწევის გავრცელების ყოველწლიურად 1%-ით შემცირება;
შესაბამისად, ბავშვებში სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი 2025 წლისთვის 7%-ზე მაღალი არ უნდა იყოს(2019 წელს იყო 12%, ხოლო 2024-თვის – 8%-ია). აქედან, ბიჭებში 2025 წლისთვის ეს მონაცემი 10%-მდე უნდა ჩამოვიდეს, გოგონებში – 4%-მდე.
რაც შეეხება ელექტრო სიგარეტს, მისი მოხმარება 2025 წლისთვის 0,1%-მდე უნდა შემცირდეს, ამჟამად არსებული 0,3%-დან.
ასევე დაგეგმილია,
● სახლის პირობებში მეორადი კვამლის ზემოქმედების შემცირება ბავშვებში 3%-ით და მოზრდილებში 1%-ით ყოველწლიურად;
მთავრობამ სტრატეგიის დოკუმენტში მიუთითა, რომ იმ ბავშვების წილი, რომლებიც სახლის პირობებში მეორადი კვამლის ზემოქმედებისგან თავისუფალნი არიან, 2025 წელს უნდა იყოს 75%.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლისთვის მონაცემებით, ბავშვების მხოლოდ 43% იყო სახლში თამბაქოს კვამლის მეორადი ზემოქმედებისგან თავისუფალი.
დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ თამბაქოს მოხმარებასთან ერთად, უნდა შემცირდეს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტების რაოდენობა(ჯანმრთელობის დაცვა, სტატისტიკური ცნობარი www.ncdc.ge), 13025-დან(2022 წლის მონაცემი) უნდა შემცირდეს 12 700-მდე(2,5%-ით). ასევე უნდა შემცირდეს ინსულტის შემთხვევების რაოდენობა 13028-დან 12700-მდე.
დოკუმენტში წერია, რომ თამბაქოზე თავის დანებების მსურველი, მწეველთა შორის 2025 წლისთვის უნდა იყოს 40%(2019 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 23% იყო).
2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, უნდა მოხდეს:
● თამბაქოსგან თავისუფალი სამუშაო ადგილების ყოველწლიურად 5%-ით გაზრდა;
● საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მეორადი კვამლის ზემოქმედების ყოველწლიურად 1%-ით შემცირება.
თამბაქოს მოხმარება საქართველოში
საქართველოში მწეველთა რაოდენობით კვლავაც ერთ-ერთი ლიდერია ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის.
თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია მამაკაცებში და არსებობს იმის საფუძველი, რომ თამბაქოს მოხმარების დონე მატულობს ქალებშიც, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონებში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის(NCDC) ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში მოსახლეობის 31%-მდე მწეველი იყო(თუმცა, ცენტრს კვლევის სრული ვერსია არ გაუსაჯაროებია და მხოლოდ მისი შედეგები გამოაქვეყნა).
დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ 18-24 წლის მამაკაცების 45.2% მწეველია, ხოლო ქალების – 5%, რაც ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით არსებულ მაქსიმალურ მაჩვენებლებს, მამაკაცებში(65.3%) მხოლოდ 1/3-ით ჩამორჩება, ხოლო ქალებში 0.7%-ით.
შეინიშნება ზრდის ტენდენცია რეპროდუქციული ასაკის ქალებს შორის, რის გამოც ეს მაჩვენებელი ბოლო 7 წლის განმავლობაში 2.5-ჯერ გაიზარდა.
ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების საერთაშორისო ექსპერტი, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე BRG-თან საუბარში 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაში მითითებულ შემცირების მაჩვენებლებს რეალისტურად მიიჩნევს. მისი თქმით, საქართველოში ე.წ. ტრადიციული სიგარეტი ნაწილობრივ ჩაანაცვლა ელექტრო სიგარეტის და გახურებადი თამბაქოს მოხმარებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, მაგრამ ამის მიუხედავად, მოწევის მაჩვენებელს მაინც კლებადი ტენდენცია აქვს.
„თამბაქოს მოხმარების შემცირების ტენდენციაა 2018 წლის შემდეგ, რაც თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონმდებლობა მივიღეთ. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მას შემდეგ, მწეველთა რაოდენობა 3%-ით შემცირდა.
ეს ნიშნავს, რომ 100 ათასმა ადამიანმა ან არ დაიწყო მოწევა, ან შეწყვიტა თამბაქოს მოხმარება. ეს დიდწილად იმის შედეგია, რომ თამბაქოს ნაწარმის რეკლამა შეიზღუდა და სიგარეტის ფასმა აიწია, რაც პირველ რიგში, ახალგაზრდებზე მოქმედებს. შემცირების ეს ტენდენცია თუ გაგრძელდება, მთავრობის სამოქმედო გეგმაში მითითებული მონაცემები რეალისტურია. მოხმარების წელიწადში 1%-ით შემცირება ნიშნავს მწეველთა 36-40 ათასით კლებას”– ამბობს აკაკი ზოიძე.
2017 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირებით, საქართველომ, მსოფლიოს სხვა 178 ქვეყანასთან ერთად, აიღო ვალდებულება ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კუთხით სრულფასოვანი ღონისძიებების გატარებაზე.
ქვეყნის მთავრობამ სიგარეტის მოხმარების შემცირების ერთ-ერთ გზად სიგარეტის გაძვირება მიიჩნია და აქციზის გადასახადი რამდენიმე ეტაპად გაზარდა.
რამდენად იმოქმედა ფასის ზრდამ მოწევის მაჩვენებელზე, შემცირდა თუ თამბაქოს ნაწარმის მოხმარება, ამის შეფასება რთულია.
NCDC-მ მიერ ჩატარებული კვლევები ზუსტი დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლევა. პირველი კვლევა 2016 წელს ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში მოსახლეობის 31% იყო მწეველი. 2020 წელს განსხვავებული მეთოდოლოგიით, მოქალაქეები ტაქსიში გამოკითხვამ, მწეველთა რაოდენობის 28.2 %-მდე შემცირება აჩვენა.
რადგან ორივე ეს კვლევა სხვადასხვა მეთოდოლოგიით არის შესრულებული, ამიტომ არ ვიცით, რეალურად გაიზარდა თუ შემცირდა მწეველთა რაოდენობა და არ ვიცით, რა შედეგი გამოიღო აქციზის გადასახადის ზრდამ.
ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი აღნიშნავს, რომ მოწევას ნაკლებად ამცირებს გადასახადების ზრდა და ამას სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ადასტურებს. მისი თქმით, მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები ტრადიციული სიგარეტის და ალტერნატიული პროდუქტებზე განსხვავებულ საგადასახადო განაკვეთებს აწესებენ და ამით მწეველებს სიგარეტის ჩანაცვლების საშუალებას აძლევენ.
„საქართველოში არაწვადი თამბაქო იბეგრება ისევე როგორც წვადი სიგარეტი. ასეთი საგადასახადო რეჟიმი აქვს მხოლოდ ორ ქვეყანას- საქართველოს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. სხვა ქვეყნები დიფერენცირებულ საგადასახადო მიდგომებს იყენებენ, რაც გულისხმობს სიგარეტის უფრო მეტად დაბეგვრად თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებთან შედარებით. მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები თამბაქოს პროდუქტს მავნებლობის პროპორციულად ბეგრავენ, რაც უფრო სამართლიანი მიდგომაა”,– აღნიშნავს ზვიად ხორგუაშვილი.
მისი შეფასებით, შეუძლებელია როგორც მწეველთა ზუსტი რაოდენობის დადგენა, ასევე იმის განსაზღვრა, რა შედეგი გამოიღო გადასახადის გაზრდამ.
„თამბაქოზე აქციზის ზრდის შედეგების გაზომვა არ მომხდარა და ჯერ კიდევ კარგა ხანი ვერ მოხდება, რადგან კვლევები ტარდება დიდი დროის გამოტოვებით და სხვადასხვა მეთოდოლოგიით. აქციზი გაიზარდა 100%-ით, რამაც მკვეთრად გააძვირა სიგარეტი, მაგრამ მწეველთა რაოდენობა შემცირდა მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ შემცირებულა.
სამაგიეროდ, ქვეყანაში გაჩნდა სიგარეტის შავი ბაზარი. ბევრი მაგალითია, რომ კონტრაბანდა შემოდის და მწეველთა დიდი ნაწილი უაქციზო სიგარეტს მოიხმარს და კიდევ უფრო პრობლემაა, მათი დიდი ნაწილი კიდევ უფრო უხარისხო და იაფ პროდუქტის მოწევაზე გადავიდა.
იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობა დავიცვათ სიგარეტის მავნე გავლენისგან, რაც არის ჩვენი მიზანი, შედეგი, გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესებულია. სიგარეტზე მოთხოვნის შესამცირებლად სხვა ფაქტორებს უნდა მიექცეს ყურადღება. ერთ-ერთი ფაქტორი არის განათლება, ასევე, თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების როლი“, – აღნიშნავს ზვიად ხორგუაშვილი.
აკაკი ზოიძე თამბაქოს შეზღუდვის მიზნით, უფრო მკარი ზომების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ბოლო დროს სამწუხაროდ შესუსტდა კანონმდებლობის აღსრულება, განსაკუთრებით ელექტრო სიგარეტის და გახურებად თამბაქოსთან მიმართებაში. პარლამენტმა, გაუგებარი მიზეზებით, კიდევ ერთხელ გადადო სიგარეტის სადა შეფუთვით გაყიდვის რეგულაცია, რაც დიდი შეცდომა და დანაშაულია საზოგადოების წინაშე”,- აღნიშნავს აკაკი ზოიძე.
ქვეყანაში სიგარეტის იმპორტის ზრდაზე მიუთითებს ოფიციალური სტატისტიკაც.
საქსტატის თანახმად, 2023 წელს საქართველოში 9.8 მილიარდი ღერი სიგარეტის იმპორტი განხორციელდა, 2022 წელთან შედარებით ზრდა – 22%-ს შეადგენს. სიგარეტის იმპორტის ღირებულებამ $157.5 მილიონი შეადგინა, ზრდა – 21%.