13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რის შედეგად მნიშვნელოვნად იცვლება საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა შრომითი უფლებები.
იურისტების შეფასებით, კანონპროექტით იზრდება ხელისუფლების მხრიდან საჯარო მოხელეებზე სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობა.
ცვლილებებს გამოეხმაურნენ საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლები, რომლებმაც აღნიშნეს, მისი მიღება აუარესებს საჯარო მოხელის უფლებრივ მდგომარეობას და ამ უფლების დაცვის სამართლებრივი გარანტიებსაც საფრთხეს უქმნის.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის(IDFI) შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანი საჯარო მოხელეთა დაშინებაა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მისი მიღებით, “ქართული ოცნება” შეძლებს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ჩახშობას და საქართველოს იზოლაციას დემოკრატიული სამყაროსგან და რომ ის დაიწყებს სხვადასხვა, მათ შორის, საჯარო სექტორის წმენდას პარტიისთვის მიუღებელი ადამიანებისგან.
როგორც ცნობილია, საჯარო მოხელეების მიერ პროევროპული პროტესტის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას და აქციებში მონაწილეობას, მთავრობის მხრიდან რეპრესიების დაანონსება მოჰყვა. თბილისის მერმა კახი კალაძემ საჯარო მოხელეების პროტესტს თვითლუსტრაცია უწოდა და მერიაში რეორგანიზაცია დააანონსა.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საჯარო მოხელეების ქმედებაზე მათ შესაბამისი რეაგირება ექნებოდათ. ამ მუქარას მალევე მოჰყვა მამუკა მდინარაძის მიერ ინიციირებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო გამკაცრდა და ის პარლამენტმა დაჩქარებულად, უკვე მესამე მოსმენით მიიღო.
რა ცვლილებები შედის კანონში:
- ხელმძღვანელს, პირადი შეფასების საფუძველზე, შეუძლია საჯარო მოხელის ხელფასის 20% ნახევარი წლით დააკავოს. თანამდებობის პირის ან დაწესებულების ხელმძღვანელის გადადგომამ ან გათავისუფლებამ, შესაძლოა, დასაქმებულის გათავისუფლება გამოიწვიოს.
- რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულმა პირმა შესაძლოა, სასამართლოს გზით განაცდური ვეღარ აიღოს.
- რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული პირის საჩივრის დაკმაყოფილება არ ითვალისწინებს განაცდურის აღდგენას.
- ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმებით საჯარო მოხელე აღარ იქნება მუდმივი ხელშეკრულებით დასაქმებული.
- პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს – იგივე შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა] შეიძლება შეუწყდეთ ხელშეკრულება ნებისმიერ დროს 1 თვით ადრე გაფრთხილების პირობით. ასეთ დროს მიიღებენ მხოლოდ 1 თვის კომპენსაციას.
- შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა] დანიშვნა განხორციელდება პირდაპირ დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, კონკურსი საჭირო აღარ არის.
- შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე სავალდებულო მოთხოვნა აღარაა სახელმწიფო ენის ცოდნა, 18 წლის ასაკის მიღწევა. ასევე არ არის საჭირო მოხელის სერტიფიკატი. ეს მაშინ, როცა დაქვემდებარებაში მყოფ პირს ესაჭიროება სერტიფიკატი, რაც ზრდის მათ დაუცველობას და მათზე გავლენის მოპოვების რისკებს).
- საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი [მაგ. მინისტრი] საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს ამ საჯარო დაწესებულების აწ უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე] ან ამავე დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს.
-ეს ნიშნავს იმას, რომ კადრების სწორად შერჩევაზე პასუხისმგებელნი ხდებიან მაგ. დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე, ხოლო მათი გათავისუფლება არის ძალიან მარტივი – საჭიროა მხოლოდ ერთი თვით ადრე გაფრთხილება.
- ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელის შეფასება მოხდება 6 თვეში ერთხელ, ნაცვლად წელიწადში ერთხელ შეფასებისა.
– ეს ნიშნავს იმას, რომ წელიწადში 2 ჯერ მოხდება მოხელის შეფასება და ორივეჯერ არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლდება. აქამდე, ეს პროცესი მოითხოვდა 2 წელს. ასევე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა.] აღარ ექვემდებარებიან შეფასებას.
- საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი [მაგ. მინისტრი] უფლებამოსილია მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასებიდან 1 თვის განმავლობაში.
-ეს ნიშნავს იმას, რომ საჩივარი აღარ არის საჭირო შეფასების შესაცვლელად. არსებობს რისკი, რომ მისი გამოყენება მოხდეს ურჩი უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილების გადასაფარად. მაგრამ ურჩად ყოფნა გაჭირდება, რამდენადაც შუა რგოლის მენეჯმენტის გათავისუფლება უკვე მარტივია. შეფასებამ კი მომავალში შეიძლება გავლენა იქონიოს მოხელის წახალისებაზე, კლასის მინიჭებაზე, სამსახურიდან გათავისუფლებაზე თუ სხვა.
- რეორგანიზაციის დროს აღარ მოიაზრება უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე მოხელის გადაყვანა [მობილობა აღარ ვრცელდება რეორგანიზაციაზე] და შესაბამისად, მისთვის საკლასო დანამატის შენარჩუნება.
ცვლილებები გავრცელდება სსიპ-ებზეც.