Galt&Taggart-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უძრავი ქონების გაყიდვების ტემპი თბილისში შენელდა რეკორდული 2022 წლის შემდეგ.
ბინების გაყიდვები მცირედით არის შემცირებული 2023 წლის 10 თვეში, მაგრამ გაყიდვები მაინც მზარდია პირველად ბაზარზე, ხოლო კლება ძირითადად მეორად ბაზარზე შეინიშნება.
პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების დაახლოებით 80% მცირე ან საშუალო ზომისაა.
მცირე და საშუალო ზომის ბინები ყველაზე ხშირად იყიდება ხელმისაწვდომობის, მაღალი ლიკვიდურობის და გაქირავების სიმარტივის გამო.
Galt&Taggart-ის მიერ გამოკითხული დეველოპერების პროექტებში, რომლებიც 2024-25 წლებში სრულდება, ბინების 70% უკვე გაყიდულია.
ბინების გაყიდვაზე მოქმედი ფაქტორები
თბილისში უძრავი ქონების 68% ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე არის შეძენილი. ხოლო 32%-ს საინვესტიციო მიზნებით ყიდულობენ.
უძრავი ქონების გაყიდვებზე მოქმედი ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია:
- ურბანიზაცია
- ოჯახის საშუალო ზომის შემცირება
- შემოსავლის ზრდა
- საცხოვრისის გაუმჯობესება
- ემიგრანტები და იმიგრანტების შესყიდვები
კვლევის მიხედვით, ურბანიზაციის ზრდა და ოჯახის საშუალო ზომის შემცირება დედაქალაქში წლიურად დაახლოებით 9,000 ბინაზე ქმნის მოთხოვნას.
აქედან, ურბანიზაციის ზრდა წლიურად დაახლოებით 4,000 ბინაზე ქმნის მოთხოვნას. აღსანიშნავია რომ, 2014 წლიდან თბილისის მოსახლეობა 140,000-ით გაიზარდა.
ხოლო ოჯახის საშუალო ზომის შემცირება წლიურად დაახლოებით 5,000 ბინაზე ქმნის მოთხოვნას.
გაყიდვები ზრდაზე მოქმედებს მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების რაოდენობის ზრდა. კვლევის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი 2017-23 წლებში გასამმაგდა.
Galt&Taggart-ის მონაცემებით, დაქირავებული ადამიანების რაოდენობა, რომელსაც გარეუბანში, მცირე ზომის ბინის შეძენა იპოთეკური სესხით შეუძლია 170,000-ს შეადგენს.
მიგრანტების გავლენა
უძრავი ქონების ბაზარი წაახალისა მიგრანტების შემოდინებამ.
საქართველოში ამჟამად რუსეთის და ბელარუსის დაახლოებით 90,000 მოქალაქე ცხოვრობს, რომელთა 77% ბინას ქირაობს.
რუსეთის მოქალაქეების წილი შერჩეული დეველოპერების უძრავი ქონების ნასყიდობებში 3-4%-ის ფარგლებში მერყეობს.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ დედაქალაქში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შენარჩუნდება, რადგან, 2025 წელს 3,600 ლარზე მაღალი ხელფასის მქონე ადამიანების რიცხვი 150,000-ს გადააჭარბებს.
ასევე, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს იპოთეკურ სესხებზე ლარში საპროცენტო განაკვეთები კლებას განაგრძობს, ხოლო უცხოურ ვალუტაში მაღალ დონეზე შენარჩუნდება.