მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრის ბიზნესმენებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
პრესრელიზში წერია, რომ ირაკლი კობახიძისა და 80-მდე ბიზნესმენის შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განიხილეს.
საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. ტექსტში აღნიშნულია, რომ პრემიერმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის.
შეხვედრის შემდეგ თემურ ჭყონიამ თქვა, რომ მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტში რაღაც ცვლილება შევა. თუმცა მისი თქმით, პრემიერის მხრიდან კანონპროექტის გაწვევაზე საუბარი არ ყოფილა.
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებლის თქმით, შეხვედრის მთავარი თემა არჩევნები იყო და ითქვა, რომ ბიზნესმა სტაბილურად მუშაობა წყნარად უნდა განაგრძოს.