ვაგრძელებთ ჩვენი მკითხველისთვის საქართველოში მოქმედი ძირითადი გადასახადების გაცნობას. ამ ციკლის მეორე სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ ხდება აქციზის გადასახადის დიფერენცირება საქონლის სახეების მიხედვით.
აქციზი არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელსაც მომხმარებელი სახელმწიფოს უხდის გარკვეული საქონლის ან მომსახურების შეძენისას.
მას შეიძლება რისკის დაზღვევის გადასახადიც ვუწოდოთ, რადგან აქციზით, როგორც წესი, ისეთი პროდუქცია იბეგრება, რომლის მოხმარებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანი მოაქვს. მაგალითად, როგორიც არის ალკოჰოლი და თამბაქო, ნავთობპროდუქტები, ავტომობილები გამონაბოლქვის გამო და სხვა.
აქციზის მიზანი – საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გარემოს გაუმჯობესება
უფრო კონკრეტულად, აქციზის მიზანი უნდა იყოს:
- მოხმარების შემცირება: რაც უფრო მაღალია მიწოდების მგრძნობელობა ფასის მიმართ, მით უფრო დიდი იქნება გადასახადის გავლენა წარმოების შემცირებაზე და პირიქით;
- გადასახადი უნდა იყოს მარტივი და პირდაპირ მიმართული მავნე ზემოქმედების შემცირებისკენ;
- გადასახადი უნდა განისაზღვროს მავნე ზემოქმედების გათვალისწინებით: მეტი ზიანის მომტანი პროდუქტი მაღალი გადასახადით დაიბეგროს და შედარებით მცირე ზიანის მომტანი – დაბალი განაკვეთით. სასურველია, მოხდეს პროდუქტის უკეთესი ალტერნატივების შემუშავება.
რისკის საფასური
ეკონომიკურ ლიტერატურაში არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ პროდუქტის ფასის გაზრდა მის მოხმარებაზე ძალიან მცირე გავლენას ახდენს.
მაგალითად, ნავთობპროდუქტების გაძვირება თითქმის ვერ ამცირებს მის მოხმარებას. საწვავის მომხმარებლები დიდად არ შეცვლიან თავიანთ სამომხმარებლო ქცევას, თუ მათ არ გაუჩნდებათ რელევანტური ალტერნატივა.
ქცევის ცვლილებით ადამიანმა შეიძლება, სრულად შეწყვიტოს გარკვეული სახიფათო ნივთიერების/პროდუქტის გამოყენება ან შეამციროს ზიანი ნაკლებად მავნე შემცვლელებზე გადასვლის გზით (მაგ., შაქრიანი ტკბილი სასმელებიდან ხილის/ბოსტნეულის წვენებზე გადავიდეს, ძლიერი ალკოჰოლური სასმელებიდან – მსუბუქ ალკოჰოლურ პროდუქტზე და ა.შ).
სწორედ ალტერნატიულ, პოტენციურად ნაკლებად მავნე პროდუქტების გამოყენებაზე გადასვლის სტიმულირებისთვის შეიმუშავეს ქვეყნებმა პროპორციული საგადასახადო პოლიტიკა.
რისკის პროპორციული გადასახადი
რისკის პროპორციული გადასახადების შემოღებით მიზანი სწორედ ის არის, რომ შეიცვალოს მომხმარებლების ქცევა და მწარმოებლების არჩევანი –ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი პროდუქტი ჩაანაცვლონ ნაკლებად საზიანო ალტერნატივებით.
რისკის შესაბამის, პროპორციულ დაბეგვრას იყენებს ქვეყნების უმრავლესობა. კერძოდ, რაც უფრო მეტად მავნეა ჯანმრთელობისთვის პროდუქტი, მით მეტად ბეგრავს მას და პირიქით – რაც ნაკლებად მავნეა პროდუქტი, მით ნაკლებად გამოიყენება საგადასახადო ბერკეტები
ასეთი პოლიტიკა ხელს უწყობს შემცირებული რისკის მქონე პროდუქტებზე ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნის ზრდას, რაც გრძელვადიან პერიოდში დადებითად აისახება გარემოზე.
მოცემული მიდგომა საქართველოშიც გამოიყენება. მაგალითისთვის, ის პროდუქტები, რომლებსაც სპირტის მაღალი შემცველობა აქვთ, მაგალითად, არაყი, მეტად იბეგრება, ხოლო ის პროდუქტები, რომლებსაც სპირტის ნაკლები შემცველობა აქვს, მაგალითად, ღვინო – ნაკლებად, ლუდი – კიდევ უფრო ნაკლებად, სუფთა ეთანოლის შემცველობის სიმცირის გათვალისწინებით.
იგივე მიდგომაა მანქანების განბაჟების პოლიტიკის კუთხითაც. ის მანქანები, რომლებიც მეტ ზიანს აყენებენ გარემოს, უფრო მაღალი გადასახადით იბეგრება, ხოლო ელექტრომობილები – გაცილებით დაბალი საგადასახადო განაკვეთით.
ასეთივე მიდგომა აქვს ქვეყნების დიდ უმრავლესობას თამბაქოს შემთხვევაშიც, სადაც მიიჩნევენ, რომ მოხმარების შემცირების შედეგის მიღწევა შესაძლებელია რისკის პროპორციული საგადასახადო პოლიტიკის გამოყენების გზით, რომელიც დაეფუძნება ზიანის დონეს. საქართველოში ასეთი მიდგომა არ არსებობს.
რა პრინციპით ბეგრავს საქართველო თამბაქოს ნაწარმს, რატომ არ მიმართავს რისკის პროპორციულ მიდგომას და შესაძლებელი იქნება თუ არა ამ გზით თამბაქოს მოხმარების შემცირება, ამ საკითხებთან დაკავშირებით მორიგ სტატიაში ვისაუბრებთ.