2023 წელს საქართველოში კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის ზომამ 1,8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მოცულობას ორჯერ აღემატება. წელს ქართულმა კომპანიებმა ასევე გამოუშვეს მწვანე, გენდერული და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები, – ამის შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 2023 წელი ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო – განხორციელდა მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 18 ემისია, რომლებიც 7 სხვადასხვა სექტორზე ნაწილდება.
ეკატერინე მიქაბაძის თქმით, გაზრდილია საცალო ინვესტორების ნდობა ლარში დენომინირებული გრძელვადიანი საინვესტიციო პროდუქტების მიმართ, რაც დაეხმარება ბიზნესსუბიექტებს, მოიზიდონ უფრო სტაბილური დაფინანსება და უკეთ მართონ საბაზრო რისკები.
„ლარში დენომინირებული ფიქსირებული პროდუქტები ინვესტორებისთვის შექმნის დაგროვების ალტერნატიულ საშუალებას“, – აღნიშნა მიქაბაძემ.
წელს ობლიგაციები კრისტალმა (25 მილიონი ლარის გენდერული ობლიგაციები), ნიკორამ, სილქ როუდ რიალ ისთეითმა, ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტმა, თეგეტა მოტორსმა გამოუშვეს.