ტურისტების უმეტესობა მოგზაურობისას ფულის დაზოგვის სხვადასხვა საშუალებას ეძებს.
მოგზაურისთვის მნიშვნელოვანია, რა ფასად იყიდის ბილეთს, ამიტომ ეძებენ დაბალბიუჯეტიან ავიახაზებს. თუმცა, ბიუჯეტური ავიაკომპანიების იაფი ბილეთი არაერთ სხვა გადასახადს მალავს.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ დამატებითი ბარგის ღირებულება რამდენჯერმე აღემატება ავიაბილეთის ფასს და მოგზაურებიც ცდილობენ, თავიანთი ნივთები როგორმე ერთ, მცირე ზომის ხელბარგში მოათავსონ.
რა თქმა უნდა, ავიაკომპანიებს ეს ძალიან კარგად იციან და, შესაბამისად, ხელბარგზე სულ უფრო მკაცრ მოთხოვნებს აწესებენ.
ბიუჯეტური ავიაკომპანიების მოთხოვნები ხელბარგზე
ავიაკომპანიები ხელბარგზე მოთხოვნის გამკაცრებას მგზავრებზე ზრუნვით ხსნიან. ამბობენ, რომ ამ გზით ისინი თვითმფრინავში ჩასხდომის დროს ამცირებენ. ასევე ბიუჯეტური ავიახაზების განმარტებით, ხელბარგის თაროზე მოთავსებაშიც ნაკლები დრო იკარგება.
მაგრამ უნდა ითქვას, რომ ავიაბაზარზე სასტიკი კონკურენციის პირობებში, ფასიანი ხელბარგი კომპანიების შემოსავლების გაზრდის კიდევ ერთი წყარო გახდა,
ამასთანავე, ყველა ავიაკომპანია არ ზღუდავს ხელბარგის წონას. ასე იქცევიან Ryanair, SAS Scandinavian Airlines, Vueling და Volotea. ამ კომპანიებს ხელბარგის ზომებზე აქვთ შეზღუდვები.
ხელბარგის დასაშვები ზომა/წონა ყველაზე იაფ ბილეთებზე:
1. Ryanair. ერთი ნივთი ზომებით 40x25x20 სმ, წონის შეზღუდვის გარეშე;
2. Wizz Air. ერთი ნივთი ზომით 40x30x20 სმ, წონა 10 კგ-მდე;
3. easyJet. ერთი ნივთი 45x36x20 სმ-მდე ზომებით, წონა 15 კგ-მდე;
4. Volotea. ერთი ნივთი 40x30x20 სმ-მდე ზომებით, წონის შეზღუდვის გარეშე;
5. Vueling. ერთი ნივთი 40x30x20 სმ-მდე ზომებით, წონის შეზღუდვის გარეშე;
6. Norwegian Air Shuttle. ერთი ნივთი 38x30x20 სმ-მდე ზომებით, წონა 10 კგ-მდე;
7. SAS. ერთი ნივთი ზომით 40x30x15 სმ-მდე, წონის შეზღუდვის გარეშე;
8. Finnair. ერთი ნივთი 40x30x15 სმ-მდე ზომებით, წონა 8 კგ-მდე.
მსოფლიოში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ მგზავრებს ხელბარგზე დამატებით ახდევინებენ უსაფრთხოების გამო და არა მეტი ფულის მიღების მიზნით.
მისივე თქმით, ყველა ევროპულ ავიაკომპანიას ერთნაირი სტანდარტი უნდა ჰქონდეს, რათა სხვადასხვა მოთხოვნების მქონე მგზავრები შეცდომაში არ შეიყვანონ.