2024 წლის იანვარ-თებერვალში თბილისში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა თითქმის 28%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს ორ თვეში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 2 931 627 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში – 2 292 560 ლარი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლიდან მოქმედებს, ჯამში დაახლოებით 220 ქუჩაზე. დღეიდან, 2024 წლის 1-ლი აპრილიდან კი ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დიდუბეში, კერძოდ წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება.
გასათვალისწინებელია, რომ ფასიანი პარკირების ზონაში ავტომანქანის გაჩერება უფასოა შემდეგი კატეგორიებისთვის:
- 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებთათვის;
- ელექტრომობილების მფლობელებისთვის;
- შშმ პირის საცნობი ნიშნის მქონე ავტომობილებისთვის;
- განსაზღვრულ ადგილებში ნებართვის მქონე ტაქსებისთვის;
რაც შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საშვებს, ის რამდენიმე კატეგორიისა. კერძოდ, მოქმედებს როგორც 1-დღიანი, ასევე 1-წლიანი საშვები.
1-დღიანი ზონალურ საათობრივი პარკირების საშვი, რომელიც მოიცავს პარკირების საშვის საფასურსაც 20 ლარი ღირს, ამავე კატეგორიის 1-კვირიანი საშვის ღირებულება 100 ლარია, 1-თვიანის – 300 ლარი, 6-თვიანის – 500 ლარი, ხოლო ერთწლიანის საფასური 800 ლარს შეადგენს.