რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ხაბაშვილი ამბობს, რომ ჰიპერმარკეტების სექტორი არც თუ ისე მომგებიანია როგორც წარმოაჩენენ. ამის შესახებ ხაბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.
FMCG (სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქტი) სექტორის ლობის თქმით, მაღალი შემოსავალი, რაც რითეილის სექტორს უფიქსირდება, არ ნიშნავს მომგებიანობას. 2023 წელს რითეილერების მოგება ბრუნვის 5%-ს შეადგენდა და წელს ეს მაჩვენებელი 2.5%-ზე მეტი არ იქნება. ამასთან თქვა, რომ ₾10 მლრდ. ლარის შემოსავლიდან 7.8 მლრდ ლარი პროდუქციის თვითღირებულებაზე მოდის. ხოლო ხელფასებში სექტორი ₾1 მლრდ ლარზე მეტს იხდის.
რითეილ სექტორი საქართველოში ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადი სფეროა. მარკეტებში დასაქმებული ადამიანები ხშირად უჩივიან დაბალ ხელფასს, რასაც სხვადასხვა ხარჯები აკლდება და ხელზე ასაღები თანხა კიდევ უფრო მცირდება.
რამდენს იხდიან მარკეტები
მაგალითად, “ნიკორაში” 24 სთ-იანი მოლარე-კონსულტანტის დარიცხული ხელფასი დაახლოებით 1 100 ლარია (ხელზე ასაღები ₾860) და 24/7კონსულტანტის დარიცხული ხელფასი 900 ლარი,
ანალოგიურ პოზიციებზე ხელფასი “ლიბრეში“ შესაბამისად ₾1 050/₾900-ს შეადგენს. 8 სთ -იანი მუშაობისთვის გასამრჯელო 900 ლარს შეადგენს “ორ ნაბიჯში”, სადაც 1/2 განაკვეთიანი დატვირთვის შეთავაზებაცაა, ხელფასით – ₾450. დარიცხული სახელფასო განაკვეთები (მიმდინარე ფასით, 13 ნოემბრის მდგომარეობით) წარმოდგენილია საშემოსავლოს (20%) და საპენსიო გადასახადის (2%) გამოკლების გარეშე, შესაბამისად, კორექტირების შემდეგ, ხელზე ასაღები მიზერული თანხა გამოდის, რაც სახელფასო მინიმუმთან (₾250) არის მიახლოებული.
გიორგი ხაბაშვილის თქმით, FMCG კომპანიებისთვის პრიორიტეტი სურსათის უვნებლობის და ხარისხის უზრუნველყოფაა. ასევე მომარაგების ჯაჭვის უწყვეტობა.
რითეილ სექტორის ლობის თქმით, სულ ორგანიზებული ბაზრის მოცულობა 20.4 მლრდ ლარია (წლიური მაჩვენებელი) და მას მთლიანი ბაზრის 40-41% წილი უკავია.
რითეილ ბაზრის მოცულობა წლების მიხედვით
მისი თქმით, FMCG მსხვილი კონტრიბუტორია, ბევრ სექტორს კვებავს. მხოლოდ იჯარაში ბაზარი 400 მლნ-ს იხდის, რაც ასტიმულირებს უძრავი ქონების ბაზარს. საშემოსავლო გადასახადის სახით სექტორს ბიუჯეტში 200 მლნ. ლარზე მეტი შეაქვს. მარკეტებში არსებულ ტერმინალზე ტრანზაქციების მომსახურებისთვის ბანკებს 100 მლნ. ლარზე მეტს უხდის. რითეილერების ლობს გამორჩა, თუმცა, სექტორი ბანკების აპარატებისა და ბანკომატების გაქირავებითაც იღებენ შემოსავალს, რაც კომპანიის ამონაგების 0.1%-ს შეადგენს.
სტატისტიკის თანახმად, ბაზრის და ერთ-ერთი მსხვილი მონაწილის, “ნიკორა ტრეიდის“ (ცალკეული კომპანიის მაგალითზე უფრო გასაგები რომ იყოს ბაზრის ანალიზი) ანგარიშგებას თუ შევხედავთ, უხეში კალკულაციით, „ნიკორას” 18.9%-იანი საბაზრო წილის პირობებში, კომპანიის წლიური საიჯარო გადასახადი 76 მლნ ლარის ფარგლებში გამოდის, რაც თვეში საშუალოდ ₾ 633 000-ია. თუ მაღაზიების რაოდენობასაც (617) გავითვალისწინებთ, საშუალოდ ერთი მაღაზიის მიერ უძრავი ქონების ბაზარზე კონტრიბუცია $3 700 აშშ დოლარის ფარგლებში გამოდის. H1/2024-თვის ნიკორა ტრეიდის” EBITDA შეადგენს 41,8 მლნ -ს (-9%Y.Y). 2023 წელს იყო 90 მლნ (2022წ.- 85.6 მლნ).
ნავარაუდევია, რომ მთლიანად რითეილ ბაზრის შემოსავალი 2025 წლისთვის 22 მლრდ ლარს გადააჭარბებს.
ხაბაშვილის პროგნოზით, საქართველოში ორგანიზებული რითეილი 7-8 წელიწადში განვითარდება.