ოქრო წელს 13%-ით გაძვირდა და დეკემბერში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
ინვესტორები მიმდინარე წელს ძვირფას ლითონზე რეკორდულად მაღალ ფასს ელიან. მათი შეფასებით, გაძვირების საფუძველი იქნება აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი შეცვლა, გეოპოლიტიკური რისკები და ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს გაზრდილი შესყიდვები.
ოქროს სწრაფი გაძვირება 2023 წლის მაისიდან დაიწყო, როდესაც აშშ-ში რეგიონული საბანკო კრიზისი დადგა. ოქტომბრისთვის ფასმა უკან დაიხია და უნციაზე $1,800-მდე შემცირდა. შემდეგ ისევ აღმავალ ტრენდს დაუბრუნდა და 4 დეკემბერს რეკორდულ მაჩვენებელს – $2135,40-ს მიაღწია.
Reuters-ის მიერ ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 2024 წელს ოქროს ფასები საშუალოდ $1,986 იქნება, რაც აღემატება წინა წლების საშუალო ფასს.
J.P. Morgan-ის პროგნოზით, 2024 წლის შუა პერიოდში ოქროს ფასის პიკი იქნება და ის $2,300 ეღირება. UBS 2024 წლის ბოლოსთვის უნციის ფასს $2,150-მდე ვარაუდობს.
რა ეღირება ვერცხლი, პლატინა და პოლადიუმი
მომავალ წელს ვერცხლს $26-მდე გაძვირებას უწინასწარმეტყველებენ, რასაც გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს.
პლატინის ფასის დიაპაზონი 2024 წელს 4800-დან $1100-მდე იქნება.
პალადიუმი, რომელიც ავტომობილის კატალიზატორისთვის აუცილებელი ლითონია, ნოემბერში უნციაზე $1000-ზე დაბლა დაეცა. გაიაფებას მისი ჭარბი რაოდენობა იწვევს, რადგან ელექტრომობილები სულ უფრო პოპულარული ხდება.
2024 წელს უნცია პალადიუმის ფასს $750-თან ახლოს ვარაუდობენ, მიწოდების ნებისმიერი შემცირების შემთხვევაშიც.