საფრანგეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკას ოლიმპიადამ დამატებითი სტიმული მისცა მესამე კვარტალში. თუმცა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გაურკვევლობის გამო, საფონდო ბირჟებზე მაინც არასახარბიელო ვითარებაა.
გაუმჯობესებული ეკონომიკური მონაცემები
პარიზის ოლიმპიადა კვირას დასრულდა. საფრანგეთის ტურიზმის მინისტრის, ოლივია გრიგუარის თქმით, ეკონომიკას დამატებითი შემოსავალი მოუტანა ვიზიტორების დიდმა დანახარჯებმა ისეთ სექტორებში, როგორიცაა სასტუმროები, რესტორნები და მუზეუმები.
ოლიმპიური ღონისძიებების მასპინძელ ქალაქებში სასტუმროების დატვირთულობა, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა 16%-ით, ხოლო მუზეუმებსა და რესტორნებში გაყიდვებმა წლიურად 25%-ით მოიმატა.
საფრანგეთის ცენტრალური ბანკი მესამე კვარტალში ელოდება ეკონომიკის 0,35%-დან 0,45%-მდე ზრდას(პირველ ორ კვარტალში ზრდა 0,3% იყო). აქედან 0,25% ოლიმპიადის გავლენა იქნება, რაც დიდწილად გამოწვეულია ბილეთების და სატელევიზიო უფლებების გაყიდვით.
ბოლო ეკონომიკური მონაცემები მიუთითებს, რომ საფრანგეთში უმუშევრობის დონე დაეცა 7.3%-მდე მეორე კვარტალში, წინა კვარტალში 7.5%-დან, რაც ყველაზე დაბალი დონეა 2023 წლის მესამე კვარტლის შემდეგ. წლიური ინფლაცია ივლისში 2.3%-მდე გაიზარდა ივნისთან შედარებით.
თუმცა, საფრანგეთის ეკონომიკაზე გავლენას ახდენს მიმდინარე პოლიტიკური გამოწვევები, მათ შორის პრემიერ მინისტრ ემანუელ მაკრონის პოლიტიკური პოზიციის შესუსტება.
როგორც ცნობილია, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის მოულოდნელი გაძლიერების ფონზე, მაკრონმა არჩევნების ჩატარება მოითხოვა. თუმცა, ამან უკუშედეგი გამოიღო და ვერც ერთმა პარტიამ, მათ შორის, მისმა ცენტრისტულმა პარტიამ, ვერ მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.
ეკონომიკის გაუმჯობესების ნიშნების მიუხედავად, საფრანგეთის საფონდო ბირჟის ინდექსები კვლავ დაბალია, პოლიტიკური გაურკვევლობის გავლენით. საფრანგეთის საბანკო სექტორი განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა.
ექსპერტების შეფასებით, პარიზის ოლიმპიადით ყველაზე მეტად მოიგებენ ისეთი კომპანიების აქციები, როგორიცაა LVMH, Hermès და Kering. ავიაკომპანიები, Air Liquide და Air France.