საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს 16 მაისს, ანკარაში შეხვდა.
პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებასა და სატრანზიტო ფუნქციაზე, დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე.
ვაჭრობის ახალი სამიზნე ორიენტირი $5 მილიარდი იქნება
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეხვედრაზე თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ახალი სამიზნე ორიენტირი $5 მილიარდი იქნება.
„გასულ წელს ჩვენ მილიარდი დოლარის მაჩვენებელს მივაღწიეთ ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში, ჩვენ დავუთქვით ერთმანეთს, რომ ახალი სამიზნე ორიენტირი 5 მილიარდი იქნება. მიმაჩნია, რომ ჩვენ გაგვაჩნია იმის პოტენციალი, რომ ძალიან მალე ამ ნიშნულს მივუახლოვდეთ და ჩვენი ბიზნეს შესაძლებლობები ავითვისოთ სრულად”,– აღნიშნა ერდოღანმა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა
თურქეთის პრემიერმა ასევე თქვა, რომ გააგრძელებენ ძალისხმევას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ამოქმედებაში, რომელიც არის შუა დერეფნის ხერხემალი და ისტორიული აბრეშუმის გზის გამოცოცხლება.
„იმედი მაქვს, რომ(ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა) ძალიან მალე ფუნქციონირებადი გახდება და ამ შემთხვევას ვიყენებთ, ერთმანეთს ვუდასტურებთ მზაობას, რომ სხვა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზეც ვიმუშავებთ იმავე წარმატებით”, – აღნიშნა თურქეთის პრემიერ -მინისტრმა.
- თურქეთი მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა – აეროპორტის მშენებლობაში, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკის მიმართულებით, გადამცემი ხაზების მშენებლობაში;
- მხარეებს შორის გაფორმდა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი.
მემორანდუმი ორ ქვეყანას მისცემს საშუალებას, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: განახლებადი ენერგიები, ენერგოეფექტურობა, ინფრასტრუქტურის გაციფრულება, ნახშირბადის ემისიების შემცირება და ა.შ.