თამბაქოს ფინანსური ზიანი
თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებზე უამრავი თანხა იხარჯება.
ცნობილი ფაქტია, რომ თამბაქოს მოხმარების ტვირთი კიდევ უფრო მძიმეა დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.
თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანთან გამკლავება საქართველოს ყოველწლიურად მილიონობით ლარი უჯდება.
თამბაქოთი გამოწვეული ჯანდაცვითი დანახარჯების შესახებ ბოლო მონაცემები 2017 წლის არის. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისმა მოხმარებამ ქვეყანაში უმნიშვნელოდ იკლო, ისიც სადავო მეთოდით ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯანდაცვის ხარჯები არ შემცირებულა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მოქალაქეების 31% მწეველი იყო. 2020 წელს კვლევა ისევ ჩატარდა, მაგრამ სხვა მეთოდოლოგიით. ამ შემთხვევაში მოქალაქეები ტაქსიში გამოიკითხა.
ამ კვლევის მიხედვით, მწეველთა რაოდენობა 28.2 %-მდე შემცირდა.
რადგან ორივე ეს კვლევა სხვადასხვა მეთოდოლოგიით არის შესრულებული, არ ვიცით, რეალურად გაიზარდა თუ შემცირდა მწეველთა რაოდენობა და ასევე უცნობია, რა შედეგი გამოიღო თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდამ.
საქართველოში 2017 წელს ჩატარებული „საინვესტიციო შემთხვევის“ (ქვეყანაში თამბაქოსთან დაკავშირებული ეკონომიკური ზარალის შეფასება) თანახმად, საქართველოში თამბაქოთი გამოწვეულმა პირდაპირ ჯანდაცვითმა დანახარჯებმა, ასევე არაპირდაპირმა დანახარჯებმა (ნაადრევი სიკვდილი და სამუშაოზე მოწევასთან დაკავშირებული ხარჯები), 824.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2.43%-ს შეადგენს.
მთლიანი თანხიდან:
- ჯანდაცვის სისტემის წლიური პირდაპირი ხარჯი: 327.3 მილიონ ლარს შეადგენს –ჯანდაცვაზე მთლიანი დანახარჯების 13%;
- არაპირდაპირი ხარჯი კი 497.6 მილიონი ლარია
- თამბაქოსთან ასოცირებული ნაადრევი სიკვდილიანობის არაპირდაპირი ხარჯი: 104.1 მილიონი ლარი – მწეველობის ტვირთი სამუშაო ადგილებზე: 393.5 მილიონი ლარი
- თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების ფონზე სამუშაოს გაცდენის ხარჯები – 76.3 მილიონი ლარი
- თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების ფონზე შემცირებული პროდუქტიულობის ხარჯები – 73.9 მილიონი ლარი
- მოსაწევი პაუზის ხარჯები – 243.3 მილიონი ლარი
ყოველწლიურად 11,400 საქართველოს მოქალაქე იღუპება თამბაქოსგან გამოწვეული ავადობით, აქედან 2,100 კი პასიური მწეველობის მსხვერპლია.
მოწევა დაკავშირებულია ფინანსურ დანახარჯებთან
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში მწეველთა მიერ თამბაქოზე გაწეული ხარჯი 1,1 მილიარდ ლარს შეადგენდა.
ეს იმ პერიოდისთვის, როცა ერთი კოლოფი სიგარეტის საშუალო ფასი დაახლოებით 2,50 ლარს შეადგენდა.
მას შემდეგ თამბაქოს ნაწარმის ფასი რამდენჯერმე გაიზარდა და დღეისათვის ერთი კოლოფის საშუალო ფასი გასამმაგებულია. შესაბამისად მოიმატა მწეველი ადამიანის ყოველდღიურმა ხარჯმა.
თამბაქოს მოხმარების ყოველთვიური ხარჯის დათვლა სტატისტიკის დეპარტამენტის გადასახადების კალკულატორის მიხედვით არის შესაძლებელი.
მაგალითად, თუ გამოთვლისას დღიურად მოხმარებული სიგარეტის რაოდენობად 10 ღერ სიგარეტს მივუთითებთ, საორიენტაციო ხარჯი 3,20 ლარი იქნება, თვიური დანახარჯი – 96 ლარი, ხოლო წლის განმავლობაში მოწევაზე დახარჯული თანხა 1150 ლარს მიაღწევს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გათვლებით კი, მოწევისთვის თავის დანებების შემთხვევაში თითოეული ადამიანი, უშუალოდ თამბაქოს ნაწარმის არშეძენის გამო, საშუალოდ ყოველწლიურად 900 ლარს დაზოგავს.