გაზრდილი ინვესტიციები, მშპ და რაც მთავარია, ამ ყველაფრისგან მიღებული ეკონომიკური სარგებელი, რომელიც პირდაპირ მოსახლეობაზე აისახა – სწორედ ეს სარგებელი მიიღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად.
როგორია აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლები კავშირში გაწევრიანებიდან დღემდე:
რუმინეთი – 2007 წელს ევროკავშირში გაწევრიანებიდან მიმდინარე წლის 1-ლი იანვრამდე ევროპული ფონდებიდან €89,4 მლრდ მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა შტეფან რადუ ოპრიამ განაცხადა.
2007 წელს ევროკავშირში გაწევრიანებიდან 2023 წლის სექტემბრამდე რუმინეთის საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 3,04% შეადგინა და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს 1,2%-ით გადააჭარბა. ამასთან, ეკონომიკაში მინიმალური ხელფასი 2007 წლის 1-ლი იანვრის ოდენობიდან, ანუ 390 ლეუდან ($84) მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს 3,300 ლეუმდე ($708-მდე) გაიზარდა.
ჩეხეთი – 2004 წლის მაისში ევროკავშირში გაწევრიანებიდან 2023 წლის ბოლომდე ბლოკის ფონდებიდან 2 ტრლნ კრონი, ანუ, დაახლოებით, $85,37 მლრდ მიიღო, ხოლო თავად ქვეყანამ ევროკავშრის ბიუჯეტში 876,6 მლრდ კრონი, ანუ დაახლოებით, $37,42 მლრდ შეიეტანა.
ევროკავშირის ფონდებიდან მიღებული ყველაზე დიდი სუბსიდიები ქვეყნაში ეკონომიკურად სუსტი რეგიონების განვითარებას მოხმარდა, რამაც ჯამური თანხის 44%, 893,4 მლრდ კრონი, ანუ $38,14 მლრდ შეადგინა.
ჩეხეთის სოფლის მეურნეობისთვის ევროკავშირის სახსრებიდან 509,9 მლრდ კრონი, ანუ $21,7 მლრდ გამოიყო. ამ თანხიდან 332,8 მლრდ კრონი, ანუ $14,2 მლრდ ფერმერებს პირდაპირი სუბსიდიების სახით გადაეცათ.
გაერთიანების ფონდებიდან ყოველწლიურად მიღებული სუბსიდიების მოცულობა ევროკავშირის ბიუჯეტში შენატანების ოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება.
გაერთიანებაში გაწევრიანების 20 წლის განმავლობაში (იუბილე 2024 წლის 1 მაისს არის) ამ სხვაობამ ქვეყნის სასარგებლოდ 1,1 ტრლნ კრონზე მეტი, ანუ, დაახლოებით, $47 მლრდ შეადგინა.
ევროკავშირში გაწევრიანებამ ასობით მილიარდი ჩეხური კრონის (CZK) შემოსავალი მოუტანა ჩეხეთის სარკინიგზო ინდუსტრიას.
კომპანიების ბრუნვა ევროკავშირის (EU) და ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA – შვეიცარია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი) ბაზრებზე გასამმაგდა.
ევროკავშირში გაწევრიანებამ გაზარდა ექსპორტი, ინოვაციები და წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.
2024 წელს სააგენტოს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროკავშირის წევრობით კმაყოფილებამ ქვეყანის მოსახლეობაში 50%-ს გადააჭარბა.
პოლონეთი – ქვეყანა ევროკავშირს 2004 წლის 1-ელ მაისს შეუერთდა და ამ თარიღიდან 2023 წლის ბოლომდე გაერთიანების ბიუჯეტიდან €245,5 მლრდ მიიღო, ხოლო თავად პოლონეთმა საწევრო შენატანის სახით €83,7 მლრდ გადაიხადა. ამდენად, ქვეყნის დადებითი ბალანსი €161,6 მლრდ-ს შეადგენს.
უფრო მეტიც, 20 წლის განმავლობაში ევროკავშირის ბიუჯეტიდან ინექციებმა პოლონეთის მშპ-ის, დაახლოებით, 2.1% შეადგინა.
პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ევროკავშირიდან ქვეყანაში შესული თანხის 65%, შემჭიდროების პოლიტიკის ფარგლებში, ძირითადად, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებს მოხმარდა, ხოლო თანხის 30%-ზე მეტი პოლონეთს ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ფარგლებში გადაეცა.
ლატვია – ევროკავშირში გაწევრიანებიდან 20 წლის განმავლობაში ლატვიამ ევროპული ფონდებიდან €17,6 მლრდ. მიიღო. ამის შესახებ ლატვიის უნივერსიტეტის კვლევაში წერია, სახელწოდებით, „ლატვია ევროკავშირში – 20 წელი.“
ევროკავშირის სახსრები ლატვიელი მეწარმეების მხარდასაჭერად, ასევე, გზების აღდგენისა და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, სკოლების, საკონცერტო დარბაზების, სტადიონების, საავადმყოფოებისა და ბიბლიოთეკების განვითარებისთვის გამოიყო.
კვლევაში წერია, რომ ევროკავშირის სახსრების გამოყენებისას ლატვიის წლიური მშპ, საშუალოდ, 8,1%-ით მეტია, ვიდრე მათ გარეშე სცენარის შემთვევაში იქნებოდა.
2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ლატვიის მშპ-ზე ევროკავშირის ინვესტიციების დადებითი გავლენა სულ უფრო სწრაფად იზრდებოდა და 2014 წლის 8%-დან 2020 წელს 12%-მდე გაიზარდა.
ევროკავშირის ფონდებმა ლატვიაში სამომხმარებლო დონე გაზარდა, მოიმატა სახელმწიფო და ადგილობრივი ინვესტიციების მოცულობამ, კერძო კაპიტალის ნაკადის მობილიზება მოახდინა და ექსპორტ-იმპორტზე დადებითი გავლენა იქონია.