შვეიცარიის ქალაქი დავოსი 2024 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის ემზადება.
ალპებში მდებარე სათხილამურო კურორტზე 54-ე ყოველწლიური ფორუმი 15-19 იანვარს გაიმართება.
ვინ დაესწრება დავოსი-2024-ს?
ფორუმზე მსოფლიო პოლიტიკისა და ბიზნესის ყველაზე გავლენიანი ლიდერები შეიკრიბებიან. ფორუმზე დისკუსიები გაიმართება შემდეგ საკითხებზე: გლობალური უსაფრთხოება, სამუშაო ადგილების შექმნა, კლიმატის ინიციატივები და ხელოვნური ინტელექტის განვითარება. ამ საკითხებზე ლიდერებმა ერთობლივი რეზოლუციები უნდა მიიღონ.
წინასწარი ინფორმაციით, დავოსში ჩავა 100-ზე მეტი მთავრობის წარმომადგენელი, ყველა ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაცია და ფორუმის 1000 პარტნიორი კომპანია სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან, ექსპერტებთან, ახალგაზრდა აქტივისტებთან, სოციალურ მეწარმეებთან და მედიასთან ერთად.
დავოსის სტუმრებს შორის იქნებიან: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერები. ფორუმზე დასწრებას გეგმავს არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეიც.
ფორუმს ასევე დაესწრებიან, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელი დირექტორი ფატიჰ ბიროლი, მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) აღმასრულებელი დირექტორი სინდი ჰ. მაკკეინი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრი მუჰამედ აბდულა ალგერგავი და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი მირიანა სპოლარიჩ ეგგერი.
დავოსის მთავარი თემები
ფორუმზე განსახილველად წარმოდგენილი იქნება ოთხი ძირითადი თემა:
ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ მნიშვნელოვან გლობალური გამოწვევების მოგვარების გზებზე, როგორიცაა მიმდინარე სამხედრო კონფლიქტები, კლიმატის ცვლილები და ხელოვნური ინტელექტი (AI).
1. გეოპოლიტიკური კონფლიქტები: კრიზისების მოგვარება, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთში, უკრაინასა და აფრიკაში მიმდინარე კონფლიქტები;
2. სამუშაო ადგილების შექმნა და ზრდა;
3. ხელოვნური ინტელექტი, როგორც მამოძრავებელი ძალა ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის: AI-ის გამოყენება საზოგადოების სარგებლისთვის, ტექნოლოგიური მიღწევების მართვისას, როგორიცაა 5/6G და კვანტური გამოთვლები;
4. კლიმატის, ბუნებისა და ენერგიის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება.