ოქროს და ვერცხლის ფასები რეკორდულ ნიშნულზეა. უნცია ოქროს ფასმა ოთხშაბათს, 25 სექტემბრის ვაჭრობის დროს $2695-ს მიაღწია, საბოლოოდ კი $2684,70-ზე დაბალანსდა.
ვერცხლის ფასი 11 წლის მაქსიმუმზეა და უნციაზე $32-ს აღწევს. ვერცხლის გაძვირებას სტიმულს აძლევს ჩინეთის ცენტრალური სახალხო ბანკის მიერ ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის შემუშავებული მონეტარული სტიმულირების პაკეტი.
მონეტარული სტიმულირების გეგმამ უნდა მოიზიდოს ინვესტიციები მზის პანელების წარმოებაში, რომელიც აქტიურად იყენებს ვერცხლს.
ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ორივე ძვირფასი ლითონი შეიძლება უახლოეს კვირებში საწყის პოზიციას დაუბრუნდეს, რადგან აღმავალი ტრენდი ამოწურვადია.
რაც შეეხება უფრო გრძელვადიან პროგნოზს, მსხვილი ბანკები ელოდებიან, რომ ოქრო რეკორდულ ფასს 2025 წელსაც შეინარჩუნებს, წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების, მათ შორის, FED-ის, მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინების გამო.
J.P. Morgan -ის პროგნოზით, მომავალ წელს უნცია ოქრო $2,800-ს მიაღწევს. იგივეს ამბობს Citi Research.
UBS ვარაუდობს, რომ 2025 წლის შუა მეორე ნახევრისთვის მისი ფასი $2700-თან იქნება. ასეთივე პროგნოზს აკეთებს Goldman Sachs. ხოლო Commerzbank უნცია ოქროს ფასს $2600-ის ნიშნულზე ელოდება.
2024 წლის განმავლობაში ოქრომ უკვე რამდენჯერმე მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს. UBS-ის ანალიტიკოსების თქმით, აშშ-ს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს ოქროს ფასი, რადგან ბაზრის ცვალებადობა ინვესტორები უსაფრთხო კაპიტალისკენ უბიძგებს.