საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული საგადასახადო ამნისტია ფიზიკური პირების 2021 წლამდე დაგროვილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას და დარიცხულ საურავს შეეხება.
ასეთი სულ 145 ათასი ფიზიკური პირია. მათ შორის არიან ინდმეწარმეები, მცირე და მიკრო ბიზნესის მქონე პირები, ასევე მეწარმე და არამეწარმე ფიზიკური პირები, რომელთაც ბიუჯეტის მიმართ 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება დაუგროვდათ.
ვალის ჩამოწერის შემდეგ, აღნიშნულ პირებს გაუუქმდებათ გადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ყადაღა და ყველა სხვა სანქციაც.
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, საგადასახადო დავალიანების მქონე ფიზიკური პირები ამ დრომდე ვერ ახორციელებენ ეკონომიკური საქმიანობას, ამიტომ ამნისტიის მიზანია, მათ გააგრძელონ ეკონომიკური ოპერაციების განხორციელება.
უწყების განმარტებით, დავალიანების ჩამოწერა შეეხება იმ ვალდებულებებს, რომლებსაც ხანდაზმულობის ვადა გასული აქვთ.
ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უახლოეს პერიოდში შევა.
რატომ აცხადებს ამნისტიას ხელისუფლება და რა შედეგი აქვს მას
ხელისუფლებისთვის უკვე ტრადიციულ ქმედებად იქცა საგადასახადო ამნისტიის საარჩევნო წელს გამოცხადება. მაგალითად, 2016 საარჩევნო წელს დაახლოებით 100,000-ს პირს 2 მლრდ ლარზე მეტი დავალიანება ჩამოაწერეს.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ბევრ გადამხდელს შესაძლოა შეუქმნას მოლოდინი, რომ მათ შეუძლიათ არ გადაიხადონ და დააგროვონ ვალი, რომელიც ერთ დღეს მათ შეიძლება ჩამოაწერონ. ამასთანავე, „ცუდი” გადამხდელის ვალისგან გათავისუფლება უსამართლოა სხვა კეთილსინდისიერი გადამხდელების მიმართ.
საგადასახადო ამნისტია მთავრობამ გასულ წლებში განახორციელა, მაგრამ რა ეფექტი მოუტანა ქვეყნის ეკონომიკას ამ გადავალიანების ჩამოწერამ, ამის შეფასება სამთავრო უწყებებისგან არ მოგვისმენია.