ლურჯი მოცვის ფასი, როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზარზე, სეზონურია. 2023 წლის სეზონზე საქართველოში ლურჯი მოცვის საბითუმო ფასები კგ-ზე 20 ლარით დაიწყო (2 ივნისის კვირაში) და 5.5 ლარამდე შემცირდა (ივლისის ბოლოს).
მოცვის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მიწოდების რაოდენობას, მოთხოვნას, როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებიდან, ვალუტის კურსს და გლობალურ ტენდენციებს.
2023 წლის დაბალი ფასი (წინა წლებთან შედარებით) ნაწილობრივ ლარის გამყარებითაც აიხსნება.
Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, საქართველო ექსპორტს ივნისსა და ივლისში ახორციელებს. ივნისში ფასი მაღალია, რადგანაც ესპანეთი გავლენას ახდენს ფასზე. ივლისში ფასები ვარდება, რადგან კანადა ზრდის წარმოებას და მსოფლიო ბაზარს აწვდის იაფ მოცვს.
2022 წლის მონაცემებით, მსოფლიოში მოცვის ექსპორტის საშუალო ფასი კგ-ზე $5.2 იყო.
ჩილე და მაროკო არიან მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორები იანვარ-მარტის პერიოდში. მათი საშუალო საექსპორტო ფასია შესაბამისად, $4.8 და $5.5 დოლარი კგ-ზე.
ესპანეთი აპრილ-ივლისშია Top ექსპორტიორი საშუალოზე მაღალი ფასებით (კგ-ზე $5.7).
წლის მე-2 ნახევარში ლიდერობენ პერუ და კანადა. ამ ქვეყნების ექსპორტის ფასი შედარებით დაბალია: კანადის საშუალო საექსპორტო ფასი კგ-ზე $2.5, პერუს საშუალო საექსპორტო ფასი კი კგ-ზე $4.9 იყო.
დეკემბერში მიწოდებით პირველ ადგილს ნიდერლანდები იკავებს. ნიდერლანდური მოცვი ყველაზე ძვირია – კგ-ზე $7.5.