ნავთობის ფასი ეცემა – რა არის მიზეზი
დღეს, 22 აგვისტოს, ნავთობის ფასის კლება გაგრძელდა.
Brent-ის ტიპის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსები 12 ცენტით (0,14%) დაეცა და ბარელზე $84,34 შეადგინა. ორშაბათს Brent-ის ფასი 0,4%-ით გაიაფდა, ბარელზე $84,46-მდე.
WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსები ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე 2 ცენტით (0,02%) დაეცა და ბარელზე $80,7 შეადგინა.
რატომ დაიკლო ამჯერად ნავთობის ფასმა?
ბოლო დღეებში ბაზრისთვის ნეგატიური ფაქტორებია ჩინეთის ეკონომიკის ნელი ზრდა და დოლარის სავარაუდო გამყარება აშშ-ის ფედერალური რეზერვის (Fed) მიერ რეფინანსირების განაკვეთების ზრდის მოლოდინის გამო.
ეკონომისტების შეფასებით, ნავთობზე მოთხოვნის და შესაბამისად, ფასების შემცირება გლობალური ეკონომიკის შენელებით და წარმოების სექტორში რეცესიით არის გამოწვეული.
OPEC-ის პროგნოზით, 2023 და 2024 წლებში ნავთობზე მოთხოვნა მსოფლიოში 2%-ზე მაღალი იქნება.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემები კი ნედლეულის მარაგების წლიური მაჩვენებლების შემცირებაზე მიუთითებს.