ოთხშაბათის, 24 ივლისის სავაჭრო დღის ბოლოს, ამერიკული საფონდო ინდექსები მკვეთრად დაეცა, რადგან ინვესტორები ყიდიან ტექნოლოგიურ კომპანიებში წილებს, განსაკუთრებით დაზარალდა ხელოვნური ინტელექტის (AI) აქციები.
Nasdaq დაეცა 3.6%-ით, რაც მისთვის ყველაზე უარესი მაჩვენებელია 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ.
ხოლო S&P 500-ის 2.3%-იანი ვარდნა ყველაზე მკვეთრი იყო 2022 წლის დეკემბრის შემდეგ.
1.2%-ით დაეცა Dow Jones.
ზარალი განაპირობა Alphabet-ის და Tesla-ს კვარტალური ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნებამ, რამაც მათი აქციების გაუფასურება გამოიწვია.
იაპონიის Nikkei ინდექსი აზიაში 3%-ით დაეცა.
AI ჩიპების გიგანტის Nvidia-ს აქციები, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბუმის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი იყო, 6.8%-ით გაიაფდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მან ღირებულების დაახლოებით 15% დაკარგა.
ილონ მასკის Tesla-ს აქციები 12%-ზე მეტით დაეცა მას შემდეგ რაც მისმა უახლესმა ფინანსურმა შედეგებმა ინვესტორების იმედგაცრუება გამოიწვია.
Google-ისა და YouTube-ის მშობელი კომპანიის Alphabet-ის აქციების ფასი 5%-ით შემცირდა. კომპანიას მართალია, მაღალი მოგება აქვს, თუმცა, ამბობს, რომ 2024 წლის დარჩენილ პერიოდში დიდი დანახარჯები ექნება.
Alphabet, ისევე როგორც მისი მრავალი კონკურენტი, მილიარდობით დოლარს ხარჯავს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის შემუშავებასა და წარმოებაში.
ჩიპების მწარმოებლებმა აზიაშიც იზარალეს- Renesas Electronics-მა და Tokyo Electron-მა იაპონიაში და სამხრეთ კორეის SK Hynix-მა.
როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ახლა ინვესტორებს უფრო მეტად აწუხებთ AI-ში ჩადებული ფული, რომელიც „დახარჯეს სარგებლის გარეშე”.
ინვესტორები ასევე სიფრთხილით ელოდებიან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას.