ავიაკომპანიებმა ხელბარგის საფასური რეკორდულად გაზარდეს.
ზოგ შემთხვევაში მგზავრებს ბარგი თითქმის იმდენივე უჯდებათ, რამდენიც ფრენა.
ბიუჯეტურმა გადამზიდავებმა დაიწყეს დაბალი საბაზისო ტარიფების შეთავაზება და შემდეგ დამატებითი საფასური ყველაფერი დანარჩენისთვის, მათ შორის ხელბარგისთვის.
მაგალითად, თებერვალში ავიაკომპანია Pegasus-მა, რომელიც საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს რეისებს, ე.წ. უფასო ბარგის წონა 8 კგ-დან 3 კგ-მდე შეამცირა. ეს იმას ნიშნავს, რომ მგზავრები იძულებული იქნებიან, დამატებითი ბარგისთვის გადაიხადონ.
ბარგის გაძვირება სხვა კომპანიებმაც დაიწყეს.
გასულ კვირას American Airlines-მა განაცხადა, რომ ბარგის საფასურს $5-ით ზრდიდა. United-მა, JetBlue-მა და Alaska Airlines-მა ასევე გამოაცხადეს, რომ წელს ტარიფებს გაზრდიან.
რატომ აძვირებენ ავიაკომპანიები ბარგის საფასურს?
ბარგის საფასური კარგი შემოსავალია ავიაკომპანიებისთვის.
მათ ბილეთის ღირებულების ნაწილი ბარგის საფასურში გადაიტანეს და ამ გზით, გადასახადების შემცირებას მიაღწიეს.
მაგალითად, აშშ-ში შიდა რეისებზე ავიაბილეთები 7.5%-იან ფედერალურ აქციზის გადასახადს ექვემდებარება. შესაბამისად, ავიაკომპანიას შეუძლია მილიონობით დოლარი დაზოგოს, თანხის ბილეთიდან ბარგის ტარიფში გადატანით.
2020 წელს ბარგის საფასური ავიაკომპანიების შემოსავლის 4%-ს შეადგენდა, ხოლო ბიუჯეტური გადამზიდავებისთვის ეს მაჩვენებელი 21%-ს აღწევს.
„ავიაკომპანიები ზრდიან ბარგის გადასახადს ნაწილობრივ ხელფასებზე მაღალი ხარჯების გამო და ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათ ეს სურთ და შეუძლიათ“, – თქვა ჰენრი ჰარტეველდტმა, ტურისტული კომპანია Atmosphere Research Group-ის პრეზიდენტმა. მისი თქმით, „მგზავრებს არ მოსწონთ ბარგზე ზედმეტის გადახდა, მაგრამ ისინი, როგორც წესი, არ ცვლიან ავიაკომპანიებს ჩანთების საფასურის გამო”.
ბარგზე გადასახადის შემოღების შემდეგ, ავიაკომპანიებმა განაცხადეს, რომ ამ სეგმენტიდან მათი შემოსავალი 7-ჯერ გაიზარდა.
ავიაკომპანიებმა ბარგის გადასახადის გაზრდა მაღალი სახელფასო ხარჯებით ახსნეს. მათი განმარტებით, პილოტების და სხვა მუშაკებთან დადებული ახალი კონტრაქტები ანაზღაურების ორნიშნა ზრდას ითვალისწინებს, ხოლო საავიაციო საწვავი წლის დასაწყისიდან 10%-ზე მეტად გაძვირდა.
აიკრძალოს ბარგზე გადასახადი?
ბარგი, ადგილების დაჯავშნა და სხვა საკომისიოები მგზავრებს მნიშვნელოვნად უძვირებს ე.წ. იაფ მგზავრობას.
2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბარგზე გადასახადის შემოღების შემდეგ, ავიაბილეთების ფასი დაახლოებით $7-ით შემცირდა, მაგრამ მგზავრობის სრული ფასი (საბაზო ავიაბილეთი პლუს ბარგის საფასური) მთლიანობაში გაიზარდა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ბარგის საფასურის გაუქმებამ შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს. თუ ბარგზე გადასახადი მოიხსნა, სანაცვლოდ, მსხვილი ავიაკომპანიები ფასებს ავიაბილეთისა და სხვა სერვისებზე გაზრდიან.