ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველ სამუშაო დღეს ვაჭრობა არ შედგა.
გარიგების ჩაშლის მიზეზი იყო გამყიდველის ფასი, რომელიც მყიდველისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. ინფორმაციას “საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა” ავრცელებს.
ბირჟის განცხადებით, 2 ივლისის 18:00-19:00 პერიოდში ელექტროენერგია ხელმისაწვდომი იყო 140.51 ლარი/მგვტ.სთ (14.051 თეთრი/კვტ.სთ) ფასად, ხოლო მყიდველი მზად იყოს გადაეხადა არაუმეტეს 122.75 ლარი/მგვტ.სთ (12.275 თეთრი/კვტ.სთ). მსგავსი სურათი იყო სხვა საათებისთვისაც.
„რეგისტრირებულმა მონაწილეებმა განათავსეს შესაბამისი განაცხადები. მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების დღის ყოველი საათისთვის არსებობდა მზადყოფნა ელექტროენერგიის როგორც ყიდვაზე, ასევე გაყიდვაზე, ვაჭრობა არ შედგა, რადგან ელექტროენერგიის გამყიდველების მიერ შეთავაზებული ფასი იყო უფრო მაღალი, ვიდრე მყიდველების გადახდაზე მზადყოფნა”,- წერია ბირჟის განცხადებაში.
ბაზრის მონაწილეები არიან: სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, შპს ენერჯი დეველოფენტ ჯორჯია, შპს რიცეულაჰესი და შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია.
როგორც ცნობილია, რამდენჯერმე გადავადების შემდეგ, დიდი დაგვიანებით, 1 ივლისს ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა.
ბირჟა დღით ადრე და დღიური ბაზრების პრინციპით, შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში ფუნქციონირებს.
მისი ამოქმედება სრულად, რაც საათობრივი დაბალანსების ვალდებულებას, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედებას გულისხმობს,2025 წლის პირველ ივლისამდე გადაიდო.
რა განსაზღვრავს განაცხადის ფასს?
ბაზრის გარდამავალ მოდელში, მონაწილეს აქვს შესაძლებლობა, ელექტროენერგია, რომელიც ვერ იყიდა/გაყიდა ბირჟაზე, იყიდოს/გაყიდოს ორმხრივი ხელშეკრულებით (ან როგორც საბალანსო ელექტროენერგია), მომავალ პერიოდში. შესაბამისად, განაცხადის ფასი (რა ფასადაც აცხადებს მზადყოფნას ყიდვაზე ან გაყიდვაზე) ასახავს ამ შესაძლებლობას. რადგან ბირჟაზე ვაჭრობა მონაწილისთვის უნდა იყოს ფინანსურად მომგებიანი, იგი მზადაა, გაყიდოს/იყიდოს იმაზე ძვირად/იაფად, ვიდრე ეს შეუძლია ორმხრივი ხელშეკრულებით (ან როგორც საბალანსო ელექტროენერგია).