რატომ ვერ გაატარა წყალი სანიაღვრე სისტემამ?
თბილისის მერმა კახი კალაძემ დღეს გამართულ სხდომაზე 29 აგვისტოს ღამით უხვი ნალექის გამო დედაქალაქში შექმნილ პრობლემებზე საუბრისას, აღნიშნა, რომ
„ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში, მე ნამდვილად არ მახსოვს. პრობლემები შეიქმნა გარკვეულ უბნებში და არა მთელი თბილისის მასშტაბით… სანიაღვრე სისტემა გადავსებული იყო ნაგვით, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი…რა თქმა უნდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არის და ამას პირველი ჩვენ ვამბობთ. შემთხვევით არ არის ის, რომ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველგან ვცდილობთ, პირველი რაც გავაკეთოთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, საკანალიზაციო ქსელები, წყლის მილები, სანიაღვრე სისტემა, სადრენაჟე სისტემა და ა.შ.“, – განაცხადა კალაძემ.
29 აგვისტოს ღამით მოსული წვიმის გამო თბილისის არაერთი ქუჩა დაიტბორა. სანიაღვრე სისტემის გადავსების გამო, განსაკუთრებით დიდი პრობლემები შეიქმნა გლდანსა და დიდუბეში, სადაც კოლექტორებმა წყალი ვერ გაატარა და ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლებელი გახდა. დაგუბებულ წყალში ჩაიძირა ავტომობილებიც.
ამ დროს, სანიაღვრე ქსელის მოსაწესრიგებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან ბოლო წლებში სოლიდური თანხა დაიხარჯა.
აუდიტი სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილსერვის ჯგუფის საქმიანობის შესწავლისას, რომელსაც სხვა ფუნქციებთან ერთად, ევალება დედაქალაქში სადრენაჟე ქსელებისა და სანიაღვრე კოლექტორების ექსპლუატაცია და მოვლა, არაერთი დარღვევა აღმოაჩინა.
ხარვეზები ფიქსირდება სატენდერო დოკუმენტაციაში, გამარტივებულ შესყიდვებში, შრომის ანაზღაურების წესში. გარდა ამისა, სამსახურის მიერ დაუსაბუთებლად არის გაზრდილი ადმინისტრაციული ხარჯები და სხვა.
აუდიტის დასკვნის თანახმად, 2020-21 წლებში სანიაღვრე ქსელის მოვლაზე სულ 5,895 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
2021 წელს თბილსერვისმა შეისყიდა 36 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, ჯამური ღირებულებით − 1,934.2 ათასი ლარი. აქედან 80,8 ათასი ლარის ღირებულების MITSUBISHI L 200 სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსს გადაეცა.
მასვე გადასცეს მეორე ავტომობილი TOYOTA HILUX-იც.
თბილსერვისის ავტომობილები
როგორც აუდიტი აღნიშნავს, თბილსერვისმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, თუ რა აუცილებელი საჭიროებით იყო გამოწვეული 2021 წელს ახალი მანქანების შესყიდვა, როდესაც საწარმოს ხელმძღვანელი პირების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოიყენებოდა სხვა მანქანები.
2020 წელს თბილსერვისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად სარგებლობდა კომპანიის კუთვნილი ერთეული და დასაქმებულთა კერძო საკუთრებაში არსებული 716 მსუბუქი ავტომანქანით. მიუხედავად ამისა, 2021 წელს თბილსერვისმა შეისყიდა 36 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომლის ჯამური ღირებულება 2 მილიონამდე იყო, უფრო ზუსტად, 1 934 200 ლარი.
ზეგანაკვეთური სამუშაო
ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტური მასალების შესწავლისას გამოვლინდა, რომ თბილსერვისში 2020-2021 წლებში 137 შემთხვევაში ანაზღაურებულია საშუალოდ 5 საათზე მეტი ყოველდღიური ზეგანაკვეთური სამუშაო, ღირებულებით − 198.6 ათასი ლარი.
ზოგიერთ დასაქმებულზე კვირაში ზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობა შეადგენდა 70-დან 105-მდე საათს, რაც დღიურად 10-დან 15 საათამდე ზეგანაკვეთურ სამუშაო დროს გულისხმობს.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ ნორმირებული სამუშაო დრო დღეში 8 საათია, დასაქმებულის დღიური სამუშაოს ხანგრძლივობა მერყეობდა 18 დან 23 საათამდე, რაც ადამიანის ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე არარეალურია. აღნიშნული წარმოქმნის რისკს, რომ აღრიცხვის დოკუმენტში დასაქმებულთა ზეგანაკვეთური საათების მითითებულირაოდენობა არაგონივრულადაა გაზრდილი, მეტი ანაზღაურების გაცემის მიზნით”, – წერია აუდიტის დასკვნაში.
სულ 2020-2021 წლებში თბილსერვისის მიერ ანაზღაურებულია 4,362.2 ათასი ლარის ზეგანაკვეთური სამუშაო.
თბილსერვისის დირექტორმა სანიაღვრე ქსელის გაჭედვა მოქალაქეების ჩაყრილ ნაგავს დააბრალა.
„კოლექტორები ძალიან კარგად მუშაობდა, უბრალოდ, დაბინძურების გამო გადაიფარა კოლექტორების სანიაღვრე მიმღებები: ფოთლებით, ნაჭრებით, პარკებით, რამაც გატარების შესაძლებლობა აღარ მისცა კოლექტორებს. სხვა შემთხვევაში კოლექტორები ძალიან კარგად მუშაობდა, ამის ფაქტია ის, რომ როცა წვიმამ გადაიღო, დაახლოებით 10 წუთში მთელი ტერიტორია გაწმენდილი იყო”, – განაცხადა დავით ფაჩულიამ.