ევროკავშირმა უკრაინისთვის €50 მილიონის დახმარების პაკეტი გუშინ, 1 თებერვალს დაამტკიცა. ამით მან დაძლია უნგრეთის წინააღმდეგობა, რომელიც უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას არ ეთანხმებოდა.
უნგრეთის პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელმაც დეკემბერში დაბლოკა ფინანსური დახმარების პაკეტი, ამჯერად მისი მიღება აღარ გაუპროტესტებია.
ორბანმა მიღებული გადაწყვეტილება საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადა და თქვა, რომ მიიღო „თანხების რაციონალურად გამოყენების გარანტია“ და ბუდაპეშტის კუთვნილი თანხები უკრაინაზე არ დაიხარჯება.
რას მოხმარდება €50 მილიონი
შეიქმნება უკრაინის ფონდი (Ukraine Facility). თანხა ფონდიდან უკრაინის აღდგენას, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციას უნდა მოხმარდეს 2024-2027 წლებში.
€50 მილიარდი გრანტებისა და სესხების სახით გამოიყოფა. ის უკრაინას დაეხმარება მაკროფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში. ამავდროულად ამ თანხით ქვეყანა რეფორმებს განახორციელებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ €50 მილიარდიდან €17 მილიარდი იქნება „უსასყიდლო მხარდაჭერა“.
თანხების მობილიზებას საერთაშორისო დონორები და ფინანსური ორგანიზაციები უზრუნველყოფენ.
უკრაინის სკოლების მხარდაჭერა
ევროკავშირი დაზიანებული სკოლების რეაბილიტაციისთვის €100 მილიონს გამოყოფს.
დაახლოებით €14 მილიონია გათვალისწინებული სასკოლო ავტობუსების შესაძენად და უკრაინელი ბავშვების სკოლაში უსაფრთხოდ მიყვანისთვის. კომისიამ ასევე წამოიწყო კამპანია ევროკავშირის მასშტაბით უკრაინისთვის სასკოლო ავტობუსების ჩუქების მიზნით.
პარალელურად, კომისია იმუშავებს, რომ გაიზარდოს უკრაინის ხელმისაწვდომობა ერთიან ევროპულ ბაზარზე, რაც საშუალებას მისცემს დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდა.
ფინანსური პაკეტის დაფინანსების წყარო
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დახმარების პაკეტის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო შეიძლება იყოს პროცენტული შემოსავალი რუსული სახელმწიფო აქტივებიდან, რომლებიც ევროპაშია გაყინული.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა გაყინეს რუსეთის ბანკის ოქროს და სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი – $300 მილიარდი.