8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა გარკვეული პირობებით.
ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველომ წარმატებით უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები: კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაწევრიანების მოლაპარაკებები და შეთანხმებაზე ხელის მოწერა.
ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან, საშუალოდ, 6 წელი დასჭირდათ ჩეხეთს, ესტონეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, რუმინეთსა და ხორვატიას.
ისტორიულად, მოლაპარაკების პროცესი ყველაზე ხანგრძლივია და ის სახელმწიფოს ისეთ სფეროებსა და ასპექტებს ეხება, როგორებიცაა: ქვეყნის ფუნდამენტური საკითხები, ადგილობრივი ბაზარი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, მწვანე პოლიტიკის დღის წესრიგი და მდგრადი განვითარება, სოფლის მეურნეობა და საგარეო ურთიერთობები.
საქართველოსთვის ევროკავშირი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს, რომ კანდიდატობის სტატუსი ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.
საქართველო ევროკავშირთან დაახლოებისთვის იღებს და მომავალშიც მიიღებს სოლიდურ ფინანსურ მხარდაჭერას – 2021-2024 წლებში ევროკავშირისგან €304 მილიონს სამეზობლოს, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის სახით. €1,2 მილიარდი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა კი ითვალისწინებს ელექტრო და მონაცემთა კაბელის მშენებლობას შავ ზღვაში, 80 000 მცირე და საშუალო მეწარმის მხარდაჭერას და შავ ზღვაში საბორნე კავშირების განვითარებას.
წევრობის კანდიდატობის პერიოდში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და კანდიდატი ქვეყნის ეკონომიკებს შორის განსხვავება მცირდება. გაწევრიანების შემდეგ კი, ეფექტი კიდევ უფრო თვალშისაცემია.
ბულგარეთის მაგალითი
TBC Capital აქვეყნებს პუბლიკაციას, სადაც განხილულია ბულგარეთის მაგალითი.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ბულგარეთის ექსპორტი ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2000-2006 წლებში წლიურმა ზრდამ 23% შეადგინა.
წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, 2000-2006 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ბულგარეთში თითქმის 8-ჯერ გაიზარდა, ასევე, გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც.
როგორ დაეხმარა ევროკავშირი ბალკანეთის ქვეყნებს
ევროკავშირი, გაწევრიანების პროცესში, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს €14 მილიარდით ისეთი სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსებას სთავაზობს, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, მწვანე დღის წესრიგი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, ტერიტორიული და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა. ასევე, არსებობს €9 მილიარდის მოცულობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორების, ასევე მწვანე და ციფრული განვითარებისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საგარანტიო პლატფორმა, რამაც რეგიონში €20 მილიარდამდე ინვესტიციები უნდა მოიზიდოს.
რაც შეეხება კანდიდატობის პერიოდში სხვადასხვა ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისა და დახმარების შედეგებს: ბოსნია და ჰერცოგოვინაში ინვესტიციები სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ხის გადამამუშავებელ მრეწველობაში, ასევე მეტალურგიაში ჩაიდო.
ჩრდილოეთ მაკედონიაში ევროკავშირმა ინვესტიცია 6 რეგიონული სამედიცინო ცენტრის აღჭურვისთვის განახორციელა. ასევე, სერბეთთან სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების შედეგად, გამტარუნარიანობა 30%-ით გაიზარდა.
დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში გადაიარაღდა ათასობით ფერმა და აგროსასურსათო გადამამუშავებელი საწარმო.
ალბანეთში შეიქმნა სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ასევე – მცირე და საშუალო მასშტაბის საგზაო ინფრასტრუქტურა. შედეგად, სოფლები ცენტრალურ მაგისტრალებს დაუკავშირდა, რამაც ტურიზმის განვითარებას შეუწყო ხელი და სოფლის მეურნეობას საექსპორტო ბაზრებისკენ გაუხსნა გზა.