საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი მიგრაციის ხელშეკრულებას, რომელსაც დღეს, 19 დეკემბერს, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი, არალეგალური მიგრაციის შემცირებას ითვალისწინებს. მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის – ნენსი ფეზერის თქმით, „ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია არალეგალური მიგრაციის შემცირებისკენ. ამ შეთანხმების საფუძველზე კიდევ უფრო გავაფართოებთ უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებში“.
მისი თქმით, არალეგალური მიგრაციის შემცირების გარდა, შეთანხმება ხელს შეუწყობს სეზონურ დასაქმებას, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდებათ გერმანიაში მიზანმიმართული დასაქმების შესაძლებლობა. გარდა ამისა, გაძლიერდება ურთიერთობები სპეციალისტთა განათლების მიმართულებით.
საქართველოს შს მინისტრის – ვახტანგ გომელაურის თქმით, გერმანიიდან გამოძევება არ ემუქრებათ ლეგალურად დასაქმებულებს და სამკურნალოდ ჩასულებს, თუ მათ შესაბამისი პროცედურა საქართველოში ვერ უტარდებათ.
„ბევრი მიდიოდა ვითომ სამუშაოდ და მერე ქრებოდა, ხან სხვა ქვეყანაში ვპოულობდით, ხან იყო ქურდობა… სამწუხაროდ ეს ხდება. თორემ ადამიანს, ვინც იქ პატიოსნად მუშაობს და ოფიციალურად გაფორმებულია, არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ასევე, მკურნალობას რაც შეეხება, თუ რაღაც ისეთია, რაც ჩვენთან ვერ კეთდება, გამოძევებაზე საუბარი არ იქნება“, – აღნიშნა გომელაურმა.
გერმანიასთან გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამების განხორციელებას.