საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-მა შეცვალა საქართველოს IDR(გრძელვადიანი უცხოური ვალუტის ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი) პერსპექტივა პოზიტიურიდან სტაბილურამდე და სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB”-ზე შეინარჩუნა. ამის შესახებ წერია სააგენტოს მიმოხილვაში.
რეიტინგის გაუარესების მიზეზები: IDR რეიტინგის გაუარესების პერსპექტივა სააგენტომ ახსნა გაზრდილი პოლიტიკური რისკით, რაც გამოწვეულია 2024 წლის მაისში საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღებით, რამაც ქვეყანაში გამოიწვია პოლიტიკური გაურკვევლობა და ფართომასშტაბიანი პროტესტი.
Fitch -ის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „პოლიტიკური დაძაბულობა შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებამდე”.
„მზარდი სოციალური პოლარიზაცია და სამთავრობო ინსტიტუტებისადმი ნდობის შესუსტება, სავარაუდოდ, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს მმართველობაზე. კანონმა ასევე მკვეთრად გააუარესა ურთიერთობები ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან და შესაძლოა გადადოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი“, – წერია სააგენტოს ანგარიშში.
სავალუტო რეზერვების შემცირება: Fitch ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საერთაშორისო რეზერვების შემცირებაზე. საერთაშორისო რეზერვები 2023 წლის აგვისტოში არსებული $5,4 მილიარდიდან 2024 წლის მაისის ბოლოს $4,6 მილიარდამდე შემცირდა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ $168.7 მილიონის გაყიდვას უკავშირდება, ლარზე გაზრდილი ზეწოლის შესამსუბუქებლად, რომლის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში, კანონის მიღების შემდეგ, 7%-ით გაუფასურდა.
სააგენტოს მიაჩნია, რომ პოლიტიკურმა გაურკვევლობის გამო შესაძლოა ლარზე ზეწოლა გაგრძელდეს და შეამციროს რეზერვები მთელი საარჩევნო ციკლის განმავლობაში.
სავალუტო ფონდის პროგრამა: Fitch ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეჩერებული დაკრედიტების პროგრამის განახლებას ოქტომბრის არჩევნებამდე.
Fitch-ის აზრით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულმა რისკებმა შეიძლება შეარყიოს ნდობა მისი პოლიტიკის მიმართ, რაც პოტენციურად შეასუსტებს საქართველოს მცირე, ღია და ამავე დროს, მაღალი დოლარიზაციის მქონე ეკონომიკის უნარს ეფექტიანად გაუმკლავდეს გარე შოკებს. სააგენტოს შეფასებით, სანქციების შემოღებასთან დაკავშირებულმა მარეგულირებელმა ცვლილებებმა ასევე გაზარდა გაურკვევლობა ქართული ბანკებისთვის.
სახელმწიფო ვალი: სუვერენული საკრედიტო რეიტინგის კვლავ “BB”-ზე შენარჩუნების განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის, სააგენტომ დაასახელა სახელმწიფო ვალის ზომიერი დონე, რომელიც სააგენტოს პროგნოზით, 2024-2026 წლებში მშპ-ს 41%-ს არ გადააჭარბებს და ბიუჯეტის სტაბილური მაჩვენებლები. Fitch-ის პროგნოზით, მთავრობის ბიუჯეტის დეფიციტი 2023- 2024 წლებში შემცირდება მშპ-ს 2.5%-მდე, ხოლო 2025 წელს 2.1%-მდე. ეს მაჩვენებელი 3%-იან ზღვარზე მნიშვნელოვნად დაბალია.
ეკონომიკური ზრდა: გარდა ამისა, სააგენტომ აღნიშნა ქვეყნის მშპ-ს ძლიერი ზრდა, რომელიც 2024 წელს 5,8%-ით და 2025-2026 წლებში საშუალოდ 5%-ით გაიზრდება, რაც ძირითადად, ადგილობრივი მოხმარებითა და ინვესტიციებით იქნება განპირობებული.
ინფლაციის პროგნოზი: სარეიტინგო სააგენტო საქართველოში შედარებით დაბალ, მაგრამ მზარდ ინფლაციას ელის. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია გადააჭარბებს სებ-ის 3%-იან სამიზნეს წელს და მიაღწევს 3.8%-ს 2024 წლის ბოლოს და 4.1%-ს 2025 წლის ბოლოს, რაც ნაწილობრივ ასახავს 2024 წელს ლარის დევალვაციის გავლენას. თუმცა, Fitch ელოდება, რომ მონეტარული პოლიტიკა შედარებით მკაცრი დარჩება 2025 წლის ბოლომდე.