ირაკლი კობახიძე დღეს, სახელმწიფო კანცელარიაში ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ადმინისტრაციის შენობაში მისული ბიზნესმენების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. შეხვედრის შემდეგ ისინი ამბობდნენ, რომ ირაკლი კობახიძისგან მიიღეს დაპირება, რომ ყველაფერი მიდის გადატვირთვისკენ და ქვეყანაში იქნება მშვიდობა. ასევე ისინი ამბობდნენ, რომ არ სურს ახალი არჩევნების ჩატარება.
ბიზნესმენების ნაწილი კი ამბობს, რომ ქვეყანაში კრიზისული ვითარებაა, რაც ბიზნესს აზარალებს და სიტუაციის განმუხტვისთვის ახალი არჩევნების ჩატარების მომხრეა.
“საპროტესტო აქციებზე საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი იკრიბება და განცხადებები, რომ თითქოს იკრიბება 800 და 1000 კაცი, ეს საზოგადოებას აღიზიანებს და პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამს. იყო კრიტიკული აზრები გამოთქმული ამ განცხადებული, შეცვლილი კურსის შესახებ და რა რისკებს შეიცავს და რომ რუსეთის წისქვილზე ასხამს ეს წყალს. კრიზისიდან გამოსვლის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც შეუძლია სახელმწიფომ გადადგას თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ძლიერის მდგომარეობიდან გამომდინარე, არის დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები. პასუხები იყო, საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იყო. ჩვენს სულისკვეთებას ბევრი ბიზნესმენი არ იზარებდა, თუმცა იყო არაერთი, ვინც გამოხატავდა კრიტიკულ აზრებს, მათ შორის დაკავებულებზე და არაპროპორციულ ძალაზე, მათ შორის როგორ ეპყრობოდნენ დაკავებულებს”, განაცხადა “თბილღვინოს” დამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა.
“ზოგადად გვქონდა საუბარი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ბიზნესის და სახელმწიფოს პოზიციონირებას შორის. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ცოტა დაძაბული ვითარებაა, გაისმა როგორც კრიტიკული აზრი, ასევე ცოტა განსხვავებულიც. ჩემთვის მისაღებია მშვიდობა და განვითარება”,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზურაბ ჩხაიძემ, KTW ჯგუფის დამფუძნებელმა.
“ასე არ უნდა გაგრძელდეს, რომ ეკონომიკა შევინარჩუნოთ როგორმე. უკვე ეტყობა ყველაფერს, ტურიზმია თუ სარესტორნო ბიზნესი, ძალიან ვარდნაა და ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. როგორც ჩვენი უნეტარესი ამბობს, რომ ეშმაკი ყოფს, უფალი აერთებს”,– თქვა ლაშა პაპაშვილმა.
“განვიხილეთ ყველა ნიუანსი, ყველა პრობლემა ქვეყანაში. პრემიერისგან მოვისმინეთ ყველა ამ კითხვაზე პასუხები. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და ძალიან დეტალურად ისაუბრა პრემიერმა. აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები, რომ მორჩეს რაც ქვეყანაში ხდება და ამაზე მთავრობა მუშაობს”,- თქვა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.
„ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება”, – თქვა შეხვედრის წინ სამშენებლო კომპანია „არსის” გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ.
„არჩევნებზე საუბრობენ პოლიტიკოსები, ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე. დამპატიჟეს და მოვედი, რადგან 30 წელია ასეთ რეჟიმში ვცხოვრობთ და ახლა მაინტერესებს მომავალში რა გველოდება, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ მივხედოთ ეკონომიკას… მესმის მოთხოვნები, რომ ჩამოვაქციოთ ლარი და არ ვუერთდები ამ მოთხოვნებს. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ყველამ თავის ადგილას, სადაც მუშაობს და რასაც აკეთებს, იმ საქმეს მიხედოს. პოლიტიკოსმა უნდა მიხედოს თავის საქმეს. ოღონდ ისე, რომ მე ვიყო კმაყოფილი. პეტიციას არ ვუერთდები, რადგან მე ჩემი მოსაზრებები მაქვს“, – ამბობდა შეხვედრის წინ ირაკლი იაშვილი, „ისთ გეით გრუპის“ თანადამფუძნებელმა.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მისულ ათეულობით ბიზნესმენს შორის იყვნენ:
- ირაკლი გილაური – „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორი;
- არჩილ გაჩეჩილაძე – “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი;
- თამაზ გაიაშვილი – „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელი;
- ზურაბ ჩხაიძე – KTW ჯგუფის დამფუძნებელი, შპს “კახური ტრადიციული მეღვინეობის” მფლობელი;
- ლაშა პაპაშვილი – “რედიქსის” და „ყვარლის ბაგის“ დამფუძნებელი;
- ირაკლი რუხაძე – ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი; „ლიბერთი ბანკის“ მეწილე;
- თემურ კოხოძე – „თეგეტა ჰოლდინგის“ თანადამფუძნებელი;
- ზაზა ნიშნიანიძე – „მეიდან ჯგუფის“ თანადამფუძნებელი;
- ნინა კობახიძე – კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
- ტარიელ ხეჩიკაშვილი – „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ მეწილე;
- ილია წულაია – „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი;
- ნოშიკო ნამორაძე – „ვრ ჰოლდინგის“ დამფუძნებელი;
- ირაკლი იაშვილი – „ისთ გეით გრუპის“ თანადამფუძნებელი;
- ლაშა იორდანიშვილი – „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი;
- ირაკლი ბურდილაძე – „თეთრი კვადრატის“ დამფუძნებელი;
- მინდია საბანაძე – „აიჯი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი;
- ედიშერ ხიმშიაშვილი – სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას“ დირექტორი.
- თეა ზაქარიაძე – „ტავ ჯორჯიას“ მენეჯერი;
- ბესო ორთოიძე – „არსის“ გენერალური დირექტორი;
- ]გიორგი მარგველაშვილი – „თბილღვინოს“ მეწილე;
- ბექა ბექაია – „ნუტრიმაქსის“ მმართველი.
როგორც ცნობილია, შეიქმნა „თავისუფალი ბიზნესის პლატფორმა“ (freebusiness.ge), რომელზეც კომპანიები ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ პოზიციას აფიქსირებენ. ამ დრომდე ამ მოთხოვნას მხარს უჭერს 220 მეტი კომპანია, მათ შორის არიან „კოკა-კოლა“, PSP, „მაგთი“, “ნაბეღლავი”, “დეილი” „გორგია“, და ა.შ.