Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც დამნაშავედ ცნეს ფულის გათეთრებაში.
როგორც პროკურორებმა განაცხადეს, კანონდარღვევა $4,3 მილიარდის ოდენობის თანხას ეხება. სწორედ ამ მოცულობის ჯარიმის გადახდა მოუწევს უდიდეს კრიპტობირჟას ამერიკის ბიუჯეტში.
ჟაოს პირადად $50 მილიონის გადახდა დაეკისრა, რაც აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კორპორაციული ჯარიმაა.
ფინანსისტები ამბობენ, რომ ეს არის კიდევ ერთი დარტყმა კრიპტოინდუსტრიისთვის FTX-ის დამფუძნებლის – სემ ბანკმენ-ფრიდის თაღლითობაში მხილების შემდეგ. ბანკმენ-ფრიდს ბრალი თაღლითობის ორ საქმეზე წაუყენეს, მათ შორის ფულის გათეთრებისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 115 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურორების განცხადებით, Binance გადაიხდის $1,81 მილიარდს 15 თვის განმავლობაში და კიდევ $2,51 მილიარდის ოდენობის კონფისკაციას.
Forbes-ის მონაცემებით, ჟაო $10,2 მილიარდის მფლობელია.
მას ჯერ კიდევ აქვს უზარმაზარი სიმდიდრე და ის სავარაუდოდ დიდ დროს არ გაატარებს აშშ-ის ციხეში. ამასთანავე, ის ინარჩუნებს თავის წილს Binance-ში.
როგორც ამერიკული მედია წერს, Binance იუსტიციის დეპარტამენტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 2018 წლიდან.
ფედერალურმა პროკურორებმა კომპანიის ოპერაციების და შიდა ჩანაწერების შესწავლა 2020 წლიდან დაიწყეს. მარტში Binance-ს ბრალდება წაუყენეს. კომპანია დააადანაშაულეს, რომ მან არ აწარმოვა ფულის გათეთრების ეფექტიანი პროგრამა ტერორიზმის დაფინანსების თავიდან ასაცილებლად.