რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა პირობას დებენ, რომ გააძლიერებენ პარტნიორობას დასავლეთის წინააღმდეგ.
ამ საკითხზე ორი ქვეყნის ლიდერი ვოსტოჩნის კოსმოდრომზე შეხვედრის დროს შეთანხმდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორივე ერის ვალდებულებაა, დაამყაროს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა, რომელიც დაცული იქნება დასავლეთის უკანონო გავლენისგან.
მოლაპარაკებები მოიცავდა ოთხსაათიან დისკუსიას ორ ლიდერს შორის. ეს კიმ ჩენ ინის მეორე ვიზიტია რუსეთში, მისი წინა ვიზიტი 2019 წელს შედგა.
ამ დიპლომატიურ მისიაში კიმ ჩენ ინს თან ახლდა მისი და, კიმ იო ჯონგი. ის გამოჩნდა გალა ვახშამზე, სადაც კიმებს პრეზიდენტი პუტინი მასპინძლობდა.
სამხედრო თანამშრომლობა და კოსმოსი
შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა დღის წესრიგში სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, პუტინმა უპასუხა: „ჩვენ ვისაუბრებთ ყველა საკითხზე აუჩქარებლად. დრო არის”.
შეხვედრის დასრულების შემდეგ არაფერი უთქვამთ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე.
პუტინმა მხოლოდ კოსმოსური პროგრამებით დახმარებაზე განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრის ადგილად კოსმოსური სადგური იმიტომაც შეირჩა, რომ მოსკოვი გეგმავს ჩრდილოეთ კორეას სატელიტური პროგრამებით დაეხმაროს.
„ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დიდ ინტერესს იჩენს სარაკეტო ტექნოლოგიების მიმართ და ისინი ცდილობენ განვითარდნენ კოსმოსის მიმართულებით”, – თქვა პუტინმა.
თუმცა, არავის გაუკვირდება, რომ კოსმოსური პროგრამების უკან ბალისტიკური რაკეტების სქემები იმალებოდეს.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა შეხვედრის დროს განხილულ თემებთან დაკავშირებით თქვა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის სატრანსპორტო შესაძლებლობებზე.
„ის [კიმ ჩენ ინი] ნამდვილად იყო დაინტერესებული ყველა სფეროში თანამშრომლობით. პუტინმა ისაუბრა ჩვენს სატრანსპორტო შესაძლებლობებზე. ეს მოიცავს ჩვენს აეროპორტის ქსელს, რამდენი პორტი გვაქვს და როგორ მუშაობს ჩვენი სატრანსპორტო სისტემა და ზოგადად ავიაცია”, – თქვა პესკოვმა.
მისი თქმით, ტრანსპორტის გარდა, კიმ ჩენ ინმა ასევე გამოიჩინა ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში პარტნიორობის ინტერესი
ჩრდილო კორეა კოსმოსში?
შეხვედრის მნიშვნელოვანი ასპექტი იყო დისკუსია ჩრდილოეთ კორეელი კოსმონავტის კოსმოსში გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ. დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა ეს და თქვა: „ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ ჩრდილო კორეის მხარე მოისურვებს, მისი კოსმონავტი მომზადებების შემდეგ, შეიძლება კოსმოსში გაიგზავნოს”.