რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ანდრეი ბელოუსოვი უხელმძღვანელებს. პუტინის ამ ნაბიჯმა ანალიტიკოსები გააკვირვა. მათი აზრით, თავდაცვის უწყების სათავეში ეკონომისტის დანიშვნა მიუთითებს, რომ ვლადიმერ პუტინი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება.
ანდრეი ბელოუსოვი, 65 წლის ყოფილი ვიცე-პრემიერი, სერგეი შოიგუს ადგილს დაიკავებს.
ბელოუსოვი პუტინის ეკონომიკური მრჩეველი და ეკონომიკაში სახელმწიფოს დომინანტური როლისა და მაღალი სამთავრობო ხარჯების მხარდამჭერი იყო.
რუსეთის პრეზიდენტმა ახალი მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტა. საკადრო ცვლილებები ჯერ რუსეთის დუმამ უნდა დაამტკიცოს, მაგრამ პუტინის ერთპიროვნული მმართველობის პირობებში, მისი შერჩეული კანდიდატურების მხარდაჭერა ეჭვს არ იწვევს.
ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, თავდაცვის მინისტრად ეკონომისტის დანიშვნა მეტყველებს იმაზე, რომ სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი რუსეთის ეკონომიკის მთავარი საყრდენი იქნება. ანალიტიკოსების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ პუტინი შესაძლოა მომავალში ნატოსთან დაპირისპირებისთვის ემზადება.
დასავლური სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა სტაბილურობას ინარჩუნებს. ის ომის რელსებზეა გადასული, რაც ქმნის მოთხოვნას სამხედრო საქონელსა და მომსახურებაზე. ეკონომიკის სტაბილურობას ხელს უწყობს სუბსიდიები.
ანალიტიკოსების შეფასებით, თავდაცვის მინისტრი ბელოუსოვი “ფინანსური ადმინისტრატორი” იქნება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გავლენა იქონიოს ადგილზე სამხედრო ოპერაციებზე.
ფრონტზე გადაწყვეტილებების მიმღები კი გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იქნება, რომელიც თანამდებობაზე რჩება.
ანდრეი ბელოუსოვმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი ჯარისკაცების, ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარება და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა.
გასულ კვირას, რუსეთმა ახალი ფრონტი გახსნა ხარკოვის მიმართულებით. ამჯერად რუსები მცირე ქვეით დანაყოფებს იყენებენ, რომლებმაც არტილერიის მხარდაჭერით ნელ-ნელა წინ წაიწიეს.
სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთს ხარკოვის დაკავების მცირე შანსი აქვს. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ შეტევებმა უკრაინა ფრონტის სხვა ადგილებიდან თავდაცვის ძალების მოხსნა აიძულა.