ევგენი პრიგოჟინი აჯანყების გამო არა თუ დასაჯეს, არამედ მას რუსეთში ახალი მომგებიანი კონტრაქტები მისცეს.
ვაგნერის დაჯგუფების აჯანყებიდან თვე-ნახევრის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინის კომპანიებმა რუსული სკოლების საკვებით მომარაგების კონტრაქტები მიიღეს. ამის შესახებ ცენტრი დოსიე საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს.
დოსიეს მონაცემებით, პრიგოჟინის კომპანიებმა 2,4 მილიარდი რუბლის ტენდერები მოიგეს. ამ ტენდერების უმეტესობა ივნისის აჯანყების შემდეგ ჩატარდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პრიგოჟინმა 40 გამოცხადებული ტენდერიდან 7 მოიგო. მისი კომპანიები მომავალი წლის ბოლომდე მოსკოვის 500-ზე მეტ სკოლას მოამარაგებენ.
საინტერესოა, რომ გასულ წლებში მისი კომპანიები მოსკოვის სკოლების საკვებით მომარაგების ტენდერებში არ მონაწილეობდნენ და ამ ბიზნესში მათი ჩართვა სწორედ აჯანყების შემდეგ მოხდა.
ეს ინფორმაცია კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსიდანილოვის განცხადებას, რომ ვაგნერის აჯანყება პუტინთან ერთად დაიგეგმა.
ივლისის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ შეწყვიტა კონტრაქტები პრიგოჟინის კომპანიებთან, რომლებიც რუსულ არმიას საკვებით ამარაგებდნენ. ეს ბიზნესი ოლიგარქის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო, რამაც მას ვაგნერის დაჯგუფების დაფინანსების საშუალება მისცა.
პრიგოჟინი ფულს შოულობს სირიაშიც, სადაც მისი დაქირავებული მებრძოლები აკონტროლებენ სასარგებლო წიაღისეულის სტრატეგიულ საბადოებს.