პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო და „საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოსპარლამენტმა, დაჩქარებული წესით განხილვის შემდეგ, ე.წ „ოფშორების კანონი” მესამე მოსმენით, 73 – მომხრე, 9 – წინააღმდეგი, 19 აპრილს დაამტკიცა.
საგადასახადო კოდექსში ცვლილებებით, შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს აქტივების საქართველოში არსებული საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე. გადასახადისგან თავისუფლდება 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელებული ოპერაციები.
კერძოდ, აღნიშნული ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100%-ს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.