„ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებებს ვადებ ვეტოს, რადგან ის არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია,” – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი არ ეთანხმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატებას. როგორც ცნობილია, მან უნდა შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა, მანამ სანამ საქართველოს პრეზიდენტი სებ–ის ახალ ხელმძღვანელს არ დანიშნავს.
„რა საჭიროა დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა? მაშინ, როცა მოქმედი 3 ვიცე-პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ამას პრაქტიკა ადასტურებს”, – კითხულობს სალომე ზურაბიშვილი.
როგორც ცნობილია, ამჟამად მიმდინარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის პროცესი. ამ პროცესის პარალელურად, პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატი უნდა წარუდგინოს. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს ეჭვი აქვს, რომ მის კანდიდატურებს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს და შესაბამისად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს კანონით მიეცემა უფლებამოსილება, განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა.
„რა საჭიროა დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა? მაშინ, როცა მოქმედი 3 ვიცე-პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ამას პრაქტიკა ადასტურებს. მაშასადამე, ჩნდება კითხვა: ნუთუ ხელისუფლებას არცერთი ვიცე პრეზიდენტის კანდიდატურა არ აკმაყოფილებს და სჭირდება დამატებითი ადგილის შექმნა?”,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის „ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმედს იტოვებს, რომ ვეტო არ დაიძლევა და მის მიერ შეთავაზებული მოტივირებული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული”.