სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცენარეთა დაცვის საშუალებებით მოვაჭრე ობიექტებში დარღვევის 29 ფაქტი გამოავლინა.
სპეციალიზებული ობიექტების შემოწმების შედეგად აღმოაჩნდა, რომ დარღვეული იყო ეტიკეტირების წესი, შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ასევე დაფიქსირდა რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები.
სააგენტოს ინფორმაციით, ბაზარზე მცენარეთა დაცვის უხარისხო საშუალებების განთავსების აღკვეთის მიზნით, უკვე შეამოწმეს 300-მდე ობიექტი და გამოვლენილ დარღვევებზე კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს.
დღეისათვის ქვეყანაში სულ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 600-მდე ობიექტია რეგისტრირებული.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამით დაგეგმილია ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმება. ასევე აიღებენ და გამოიკვლევენ პრეპარატების 500-მდე ნიმუშს.
შემოწმებისას ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს.