პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა ეროვნული ბანკის მიერ პირადი მონაცემების კანონდარღვევით გამჟღავნების ფაქტი გამოავლინა.
ამის შესახებ სამსახურის 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.
ანგარიშის თანახმად, დადგინდა, რომ განმცხადებლებსა და ერთ-ერთ კომერციულ ბანკს შორის მიმდინარე დავის ფარგლებში მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროში“ მიმდინარეობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების პროცესი. ამის შესახებ ინფორმირებული იყო ეროვნული ბანკიც.
თავის მხრივ, ეროვნულმა ბანკმა თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაუგზავნა წერილი განმცხადებლების მიმართ მიმდინარე საქმისწარმოების დეტალებისა და დავის პრეცედენტულების შესახებ.
როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნავს, წერილში მითითებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის აღსასრულებელი განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, მათ შორის, განმცხადებლების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და, ასევე, საბანკო ანგარიშების რეკვიზიტები.
პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება უარყო ეროვნულმა ბანკმა და განაცხადა, რომ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებულ სასამართლო განჩინებაშიც. ხოლო წერილის შინაარსი ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, მიეწოდებინა ზოგადი ინფორმაცია „კრიპტოვალუტით“ ვაჭრობის ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციების თაობაზე სასამართლო სისტემაში შემავალი ყველა უწყებისთვის.
თუმცა, სამსახურმა არ გაზიარა ეროვნული ბანკის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ზემოთ ჩამოთვლილი უწყებები უკვე ფლობდნენ წერილში კონკრეტული სასამართლო დავის შესახებ ასახულ ინფორმაციას.
„მოცემულ შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებლის მხრიდან მნიშვნელოვან საჯარო ინტერესზე მარტოოდენ მითითება ვერ იქნა მიჩნეული საკმარისად განმცხადებელთა პერსონალური მონაცემების იმ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის გამჟღავნების კანონიერებისთვის, რომლებიც, კომპეტენციის ფარგლების გათვალისწინებით, კონკრეტული სასამართლო დავის განხილვასა და გადაწყვეტაში არ მონაწილეობდნენ.
მეტიც, თეორიულად შესაძლებელია (მით უფრო, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში), რომ განმცხადებლების მონაწილეობით „კრიპტოვალუტით“ ვაჭრობასთან დაკავშირებული დავის განხილვა მათ უფლებამოსილებას არასდროს დაექვემდებაროს.
თავის მხრივ, სპეციფიკურ თეორიულ/სამართლებრივ გარემოებებზე სასამართლო ხელისუფლების ინფორმირება შესაძლოა ემსახურებოდეს კვალიფიციური და ყოველმხრივ გაანალიზებული გადაწყვეტილებებით მართლმსაჯულების განხორციელების მიზანს, თუმცა, მიჩნეულ იქნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მითითებული მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო განმცხადებლების პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გზით მათ უფლებაში ჩარევის გარეშე.
შესაბამისად, დადგინდა, რომ ეროვნულმა ბანკმა მონაცემები საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაუმჟღავნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლ(ებ)ის გარეშე, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრულ სამართალდარღვევას“,– წერია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.