დღეს, საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა იწყება.
კანონპროექტის განხილვას პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დაიწყებს. საკომიტეტო მოსმენა 10:00 საათზე დაიწყება.
პარალელურად პარლამენტის წინ „რუსული კანონის” საპროტესტო აქცები გაიმართება.
11 საათზე საპროტესტო მსვლელობას დაიწყებენ სტუდენტები 3 მიმართულებიდან, თსუ-დან, ილიას უნივერსიტეტიდან და რუსთაველის მეტროდან.
ისინი პარლამენტთან შეიკრებებიან და “რუსული კანონს” გააპროტესტებენ.
მსვლელობაში მონაწილეობას გეგმავენ სხვა სასწავლებლების სტუდენტებიც.
დღეს საღამოს, 19:00-ზე, პარლამენტის წინ, მასშტაბური აქციას არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამართავენ.
კანონპროექტის თანახმად, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებენ ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამის შემდეგ მის მიმართ განხორციელდება კანონპროექტით დადგენილი შესაბამისი პროცედურები.
კანონპროექტში წერია: „აუცილებელია ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც განსაზღვრავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის ცნებას და შესაბამისი სუბიექტების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და მათი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მოაწესრიგებს”.
კანონპროექტის თანახმად, სუბიექტი, რომელიც 2023 წლის მონაცემების მიხედვით აკმაყოფილებს კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, ვალდებულია, წერილობითი განცხადებით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირება.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ისჯება ჯარიმებით.
„რუსული კანონის” მიღებას აპროტესტებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაორგანიზაციები.
საქართველოს მთავრობას მისი მიღებისგან თავის შეკავება ურჩია დასავლეთის ყველა პარტიორმა ქვეყანამ. ამის მიუხედავად, “ქართული ოცნების” ლიდერები, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებენ, რომ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებენ.