2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიღებულია. ბიუჯეტის პროექტი საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 83 ხმით მიიღო.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ნაწილი, წინა ვარიანტთან შედარებით, 165 მილიონი ლარით გაიზარდა და 25 მილიარდ ლარს მიაღწია. ხარჯების ეს მოცულობა რეკორდული მაჩვენებელია.
ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 28 357 მლნ ლარით განისაზღვრა, საიდანაც 22 053 მლნ ლარი საგადასახადო შემოსავლები იქნება. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კი 28 706 მლნ ლარს შეადგენს.
ეკონომიკური პარამეტრები
საქართველოს მთავრობა ეკონომიკის 5,2%-ით ზრდას ვარაუდობს. მშპ-ის საპროგნოზო მაჩვენებელი 86 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ $8 500-ს აჭარბებს.
ბიუჯეტის დეფიციტიც უცვლელია და 2,5%-ს შეადგენს.
საგარეო ვალი ბიუჯეტის 38%-ით განისაზღვრება;
დაფინანსება სექტორების მიხედვით
მთელი რიგი მიმართულებებით დაფინანსება გაზრდილია, განსაკუთრებით, სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით.
ყველაზე დიდი დაფინანსება ჯანდაცვის სექტორს აქვს. მისი ბიუჯეტი გაისად 720 მილიონი ლარით იზრდება.
მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების და სოციალური გასაცემელების ზრდა. ასევე, ასახულია ხელფასების ზრდა განათლების სექტორში დასაქმებულებისთვის. სულ განათლების სექტორს 600 მლნ ლარამდე თანხა ემატება.
340 მილიონი ლარით არის გაზრდილი სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ხელფასები. მათ ანაზღაურებაზე ჯამში 2.57 მილიარდი ლარი იხარჯება.
ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 6,7 მილიარდი ლარი იქნება გამოყოფილი.
250 მლნ ლარი ემატება თავდაცვის ბიუჯეტს.
15 მლნ ლარი არის გამოყოფილი გურიის სტიქიის დროს დაზარალებულებისათვის.
საბიუჯეტო ასიგნებები 2023 წელთან შედარებით სულ 2.7 მილიარდი ლარით იზრდება.
სამინისტროებისა და სხვა უწყებების დაფინანსება ასე გამოიყურება:
-
ჯანდაცვის სამინისტრო – 7.829 მილიარდი ლარი
-
ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 3,4 მილიარდი (+49,7 მილიონი ლარი)
-
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 2,508 მილიარდი ლარი
-
თავდაცვის სამინისტრო – 1,380 მილიარდი ლარი
-
შინაგან საქმეთა სამინისტრო – 1,260 მილიარდი ლარი (+114 მილიონი ლარი)
-
ეკონომიკის სამინისტრო – 801 მილიონი ლარი (+219,8 მილიონი ლარი)
-
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 688 მილიონი ლარი (-10,580 მილიონი ლარი)
-
კულტურის სამინისტრო – 471,9 მილიონი ლარი (+12,630 მილიონი ლარი)
-
იუსტიციის სამინისტრო – 414,685 მილიონი ლარი (+21,854 მილიონი ლარი)
-
ფინანსთა სამინისტრო –114 მილიონი ლარი (+8 მილიონი ლარი)
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო – 187,5 მილიონი ლარი (+1,5 მილიონი ლარი)
-
ცენტრალური საარჩევნო კომისია – 171,219 მილიონი ლარი (+94 მილიონი ლარი)
-
პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 86,636 მილიონი ლარი (+9,176 მილიონი ლარი)
-
მთავრობის ადმინისტრაცია – 27 მილიონი ლარი (+3 მილიონი ლარი)
-
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი – 101,190 მილიონი ლარი
-
საქართველოს საპატრიარქო – 25 მილიონი ლარი