საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პრეზიდენტის შენიშვნებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
დღევანდელ, 13 ივნისის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს 15-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 26 წინააღმდეგი იყო. კვორუმს 76 ხმა შეადგენდა.
სამაგიეროდ, დეპუტატებმა ხმა მისცეს „ქართული ოცნების” კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას, რომელიც ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ამკვიდრებს. კანონპროექტის ამ ვარიანტს 82 დეპუტატმა მისცა ხმა, 9 წინააღმდეგი იყო. კვორუმს 76 ხმა შეადგენდა.
რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტმა თუ გადაცემიდან 5 დღეში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და 5 დღეში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებსაიტზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
„ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო თებერვალში დაადო. ამ გადაწყვეტილების გამო, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი სებ-ის „ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლაში“ დაადანაშაულა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონში მმართველი პარტიის ინიციატივით დაგეგმილი ცვლილებები არც საჭიროა და არც არგუმენტირებული.
ქართულ ოცნებას კი სურს, პირველ ვიცე-პრეზიდენტად მისთვის სასურველი კანდიდატი წარადგინოს, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მმართველ პარტიას ამ თანამდებობაზე შერჩეული ჰყავს ლაშა ხუციშვილი, რომელიც ახლა ფინანსთა მინისტრია.
ამჟამად ეროვნულ ბანკს სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს თანაბარი უფლებებით. კობა გვენეტაძის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს.