საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. კენჭისყრის შედეგები ასეთია: ერთი მომხრე და 35 წინააღმდეგი. სხდომას სულ 112 დეპუტატი ესწრებოდა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჯერ მაგიდებთან, შემდეგ კი ტრიბუნასთან ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გაშალეს.
საპარლამენტო უმრავლესობას უკან დახევა მძაფრი პროტესტის შემდეგ მოუწია. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი „რუსული კანონის“ უკან გაწვევას მოითხოვდა.
9 მარტს ქართულმა ოცნებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს.
„საერთო კონსენსუსი არსებობს, რომ კანონპროექტი ჩავარდეს, ამიტომ პირდაპირ ვუყაროთ კენჭი“, –თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 10 მარტს სხდომის დაწყების წინ.
რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ”, რომელიც პარლამენტს არ განუხილავს, მისი ავტორი – ხალხის ძალა უკან გაიწვევს.