საქართველოს პარლამენტი დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას იწყებს.
კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 09:00 საათისთვის დაიწყება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს – 83 ხმით მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებენ ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამის შემდეგ მის მიმართ განხორციელდება კანონპროექტით დადგენილი შესაბამისი პროცედურები.
კანონპროექტის თანახმად, სუბიექტი, რომელიც 2023 წლის მონაცემების მიხედვით აკმაყოფილებს კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, ვალდებულია, წერილობითი განცხადებით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირება.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ისჯება ჯარიმით, 25 ათასი ლარის ოდენობით.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: – იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორების შემთხვევაში – 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.
კანონპროექტის განხილვის პარალელურად პარლამენტის წინ დაგეგმილია მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” მხარდამჭერების აქცია.